მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის პლენარული სხდომა 8 სექტემბერს იმსჯელებს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურის წამოყენების შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მომართვა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ის საკითხები გააცნო.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდება, კერძოდ, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაურის და თავდაცვის მინისტრად – ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები. 

პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში ოთხ თემატურ საკომიტეტო სხდომაზე მოუსმენენ.

საკომიტეტო სხდომები 4-5 სექტემბერს, ხოლო პოლიტიკურ ჯგუფებში, ფრაქციებში მოსმენები 6-7 სექტემბერს გაიმართება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის პლენარული სხდომა 8 სექტემბერს იმსჯელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *