საქართველოს პარლამენტში საგამომცემლო სახლი შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში საგამომცემლო სახლი შეიქმნა საგამომცემლო მიმართულების განვითარების მიზნით საქართველოს პარლამენტში სრულფასოვანი სტამბა ამოქმედდა. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ, მეგობარ ქვეყნებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, შესაძლებელი გახდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საგამომცემლო სახლის შექმნა. შესაბამისი დანადგარებით სტამბის აღჭურვა კორეის რესპუბლიკის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მუნ ჰი-სანგს, კორეული მხარისგან სტამბისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, დამზადდა სპეციალური აბრა, რომელიც ვიზიტის შემდეგ პარლამენტის სტამბაში საპატიო ადგილს დაიკავებს. სტამბა, რომელსაც სრულფასოვანი საგამომცემლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა აქვს, პარლამენტს დაეხმარება მისი ყოველწლიური ანგარიშების, მუდმივმოქმედი საბჭოების, კომიტეტების, სასწავლო და კვლევითი ცენტრების საქმიანობების ამსახველი მასალების გამოცემაში, სხვადასხვა სახის ბროშურების და საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის უკეთ წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სტამბის კომპიუტერული ლაბორატორიის აღჭურვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *