ლიუ ჰუი: „ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელში „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევქმენით ქსელი, რომელიც მოიცავს 6 კორიდორს, 6 ურთიერდაკავშირებულ მარშრუტს და არაერთ ქვეყანასა და პორტს. როგორც ვიცით საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ, ჩინეთ-საქართველოს შორის მოეწერა და ძალაში შევიდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, როგორც ვიცით, ეს არის ჩვენს მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოუცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში  კი უკვე 900 მილონ დოლარს მიაღწია“ – აღნიშნა ჩინეთის წარმომადგენელმა.

ლიუ ჰუის განცხადებით, ჩინური კომპანიების ინვესტიციებით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია მუშაობს სხვადასხვა სექტორში. „ვიცით,  რომ საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ფორუმი, ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელსაც მოყვება ფართო გამოხმაურება საზოგადოების და მთავრობების მხრიდან. ეს სწორედ გამოხატულებაა აბრეშუმის გზის სულისკვეთების, დიდი იმედი გვაქვს რომ დღევანდელ ფორუმზე მონაწილე კომპანიები და მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში“ – აღნიშნა მან.

ლიუ ჰუიმ ასევე ისაუბრა ჩინეთის ბაზარზე  ქართული ღვინის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს.  მისი ინფორმაციით, შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება, ეს  გახლავთ მსოფლიოში უდიდესი პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია იმპორტზე.  

„შარშან ამ გამოფენაში დაახლოებით 170 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შარშან გამოფენისას ჩინეთის ეროვნულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოსა და  ქართულ ღვინოზე, რასაც  ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.   ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელები უკვე იცნობენ საქართველოს და  ქართულ ღვინოს.“-განაცხადა  ლიუ ჰუიმ.  

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა თავის გამოსვლისას სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს პრეზენტაცია, ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში ჩინეთიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *