უნგრეთის მთავრობასთან თანამშროლობით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით ახალი სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ უნგრეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან, სახელმწიფო მდივანთან ეკონომიკური სტრატეგიისა და რეგულაციების საკითხებში ლაშლო გიორგისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი. მხარეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, როგორც სამეცნიერო კვლევებისა და მეცნიერების განვითარების, ასევე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნგრეთთან მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებს. კერძოდ, ფუქციონირებს არაერთი უნგრული სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს  შესაძლებლობას ასძლევს, უნგრეთის მთავრობის დაფინანსებით ისწავლონ უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში. თავის მხრივ, ქართული მხარე უნგრელ სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს სტიპენდიებს საქართველოში სასწავლებლად.

უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა ლაშლო გიორგიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობის განვითარება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების და პროფესიული განათლების მიმართულებით.  შეხვედრაზე მან უნგრეთის პროფესიული განათლების მოდელის პრეზენტაციაც წარმოადგინა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას ასევე დაიგეგმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მომავალი თანამშრომლობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისათვის, რაც უნგრეთის მთავრობის ახალი სასტიპენდიო პროგრამების ამოქმედებას გულისხმობს. მხარეები მომავალ სამუშაო შეხვედრებზეც შეთანხმდნენ კონკრეტული საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *