ნათია თურნავა – მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მთავრობებს დოლბანდის ნედლეულის მოწოდების ხელშეწყობისთვის

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოების მთავრობებს,  ვისი ხელშეწყობითაც მათ ქვეყნებში პირბადეების წარმოებისთვის  საჭირო და სტრატეგიულ ნედლეულს – დოლბანდს ვიძენთ. პირველ რიგში, ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან დიდი მადლობა აზერბაიჯანის მთავრობას. ასევე მადლობა უზბეკეთის მთავრობას – ამ ქვეყანაში დამზადებული მაღალი ხარისხის დოლბანდი უკვე გზაშია და მას მალე მივიღებთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში სტუმრობისას, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე“.  მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანში ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის ამზადებს დოლბანდს. „სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით ავაწყეთ პირბადეების წარმოება და ამ პროდუქციის პირველი პარტია სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით არის შეკერილი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს დიპკორპუსის, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში საქართველოს ელჩებისა და საელჩოების პერსონალის ძალისხმევას, რათა საქართველო მომარაგებული ყოფილიყო მაღალი ხარისხის დოლბანდის ნედლეულით. „ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი ელჩები, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში გვეხმარებიან, რომ მოვიპოვოთ დოლბანდის ნედლეული პირბადეების შესაკერად,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. პროგრამაში „აწარმოე პირბადე“ სადღეისოდ 8 სამკერვალო საწარმოა ჩართული, რომლებიც პირბადეებს სპეციალური ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით აწარმოებენ. ამ დროისთვის, 1,3 მლნ პირბადეა დამზადებული.
***
ნათია თურნავა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საწარმოებში დასაქმებულებმა თავი დაცულად იგრძნონ, მენეჯმენტმა კი უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, შემოწმების მიზნით „აჭარა ტექსტილის“ ბათუმის საწარმოს ესტუმრა. “აჭარა ტექსტილის“ საწარმო ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის,  სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე“ მონაწილეობს.ნათია თურნავას განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ბათუმის საწარმოში ვიზიტის მთავარი მიზანი ინსპექტირების ჩატარებაა, თუ რამდენად ასრულებს საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გაიდლაინებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოს თითოეულმა თანამშრომელმა მუშაობისას თავი დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს, მენეჯმენტმა კი ვალდებულებები აღასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები“, – ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საწარმოში ვიზიტი პირადად მისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საწარმოში დასაქმებული მკერავებისთვის, რომელთა შეკერილი პირბადეებითაც მარაგდება ადგილობრივი ბაზარზი. „ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა გიგანტმა სახელმწიფომ და დროულად დავიწყეთ პირბადეების წარმოება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პრაქტიკულად, არც ერთი დღე არ იგრძნოს ბაზარზე პირბადეების ნაკლებობა.  როგორც იცით, პირველ ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 700 ათასი პირბადე მივაწოდეთ, რომელიც  საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რაც სასიხარულოა.  პირბადე უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ  განუყრელ ატრიბუტად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მხრივ, ჩვენმა მოსახლეობამ არ იგრძნოს რაიმე სახის შეფერხება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *