შემუშავდა სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები

ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“.

რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაციებმა შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების და კულტურული ღონისძიებების გამართვის ყველა ეტაპზე მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით.

რეკომენდაციები ითვალისწინებს სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებების დროს დეზინფექციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვის მოსამზადებელ სამუშაოებს, რეკომენდაციებს/პროტოკოლს ღია და დახურულ სივრცეებში ღონისძიებების ჩასატარებლად, რეკომენდაციებს მუზეუმების/გალერეებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისთვის, დამატებით მოთხოვნებს გამოფენა-გაყიდვებისთვის და პერსონალის ვალდებულებებს.

შენობაში/ტერიტორიაზე აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი; ვიზიტორები დაიშვებიან მხოლოდ პირბადით და სოციალური დისტანციის დაცვით; დახურულ შენობებში მდებარე საექსპოზიციო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია ერთი ადამიანი. გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არუნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა ათს; ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიო გიდის ყოველი გამოყენების შემდეგ აპარატურას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაიშვება სამი ადამიანი, სოციალური დისტანციის დაცვით.

დახურულ სივრცეებში თეატრების, ორკესტრების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, საბალეტო დასების, გუნდების და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების სარეპეტიციო საქმიანობის მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად:

რეპეტიციები წინასწარ შემუშავებული გრაფიკით უნდა ჩატარდეს და მას ათი ადამიანი უნდა დაესწროს. სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს; ცვლებს შორის ინტერვალი კი მინიმუმ 1 – 1,5 საათს. ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით; რეპეტიციები, კონცერტები და სპექტაკლები მინიმალური რეკვიზიტით ჩატარდება. გამოყენებული რეკვიზიტსა და აპარატურას დეზინფიცირება დადგენილი წესით უნდა ჩაუტარდეს. გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯის განთავსებისას, დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია; ასევე უნდა მოხდეს მსახიობების მიერ გამოყენებული საგრიმიორო ნაკრებისა და კოსტუმების დეზინფიცირება.

რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ:

ღია სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების დროს ტერიტორია წინასწარ უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი გამოყენებული უნდა იყოს დამცავი ბარიერები. მაყურებელთა სივრცისგან სპეციალური დამცავი ბარიერით, უსაფრთხო მანძილის მითითებით უნდა იქნას გამოყოფილი სცენა. სასცენო აპარატურა და მიკროფონები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე ღონისძიების შემდეგ.

კულტურის დახურული სივრცეებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აკრძალულია შენობაში სტუმრების შესვლა ნიღბების გარეშე. ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისას მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ელექტრონული სისტემა, ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით კი პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი. მოლარე აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან უნდა განთავსდეს ხელის სადეზინფექციო საშუალებები. სასცენო სივრცეში მინიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დეკორაციები და რეკვიზიტები; სტუმართათვის განკუთვნილი ადგილების გადანაწილება უსაფრთხომანძილის დაცვით უნდა მოხდეს. ღონისძიება ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე უნდა გაიმართოს და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების დროს. არ არის რეკომენდირებული სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების, შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება კულტურის ორგანიზაციებს მოემზადონ გახსნის ეტაპისთვის და შემოქმედებითი საქმიანობა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით განახორციელონ.

დეტალური ინფორმაცია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების შესახებ იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.moh.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *