ნათია თურნავამ „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ფინური კორპორაციის „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად არის შესაბამისობაში მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებთან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ შევარჩიეთ 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ვახორციელებთ პირდაპირ დიალოგს და ვაცნობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, გააჩნია. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია ითვალისწინებს მსხვილი კორპორაციებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რატომაა საქართველო ნომერი პირველი არჩევანი მათთვის, ვინც საქართველოში საკუთარ ბიზნესს გადმოიტანს ან ახალს დაიწყებს,“ – განაცხადა მინისტრმა. შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ინვესტიციების მოზიდვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *