ლია გიგაური საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიებაზე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამის შედეგები შეაჯამეს. ხაზი გაესვა გლობალური პანდემიის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე ფონდის მნიშვნელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ. სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლია გიგაურის განცხადებით, ფონდის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივების მიზნებს და გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობას დაეხმაროს. „დღეს ჩვენ ვაჯამებთ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის” პროგრამის შედეგებს, რომელშიც დახმარება გაგვიწია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ. ამ ფონდის შექმნას და ზოგადად, ფინანსური მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ვაჭრობის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს, გლობალური პანდემიის ფონზე ყველამ კარგად ვიცით, როგორი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები წარმოიქმნა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა ფაქტობრივად ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობს. ამიტომ, სახელმწიფომ უკვე განახორციელა პირველი კონტრიბუცია ამ მექანიზმის ფარგლებში, ეს იყო ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით, ასევე პირველი გრანტების გამოცხადებისთვის და ჩვენ ვხვდებით ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს, ვისაც შეუძლია თავისი კონტრიბუცია გააკეთოს ამ ფონდში იმისთვის, რომ შევძლოთ როგორც სამშვიდობო პროცესების გაგრძელება, ასევე ხელი შევუწყოთ ვაჭრობის წახალისებას და იმ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელთა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა სწორედ ჩვენთან თანამშრომლობის და ამ ინტერესის ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერირების სწრაფად დაწყებას. მოკლე ხანში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს”-აცხადებს გიგაური. „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტია. ფონდის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივის მიზნებს, მშვიდობის მშენებლობას, თანამშრომლობასა და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე დამატებით ხელს უწყობს ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას გამყოფი ხაზების გასწვრივ. ფონდის დამფუძნებლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან. Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *