გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან მარკ კლეიტონთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

დავით ზალკალიანმა ბრიტანელ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების ფართო სპექტრს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიალოგის მინისტერიალის დროს, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში, „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ შემდეგი იმპლემენტაციის აქტუალობას.

მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ასევე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ელჩი მიესალმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *