ნათია თურნავა – დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი

„მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით – გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას. ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

რაც შეეხება პანდემიის ფონზე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და კლების ტემპი იქნება -4, -5 პროცენტი.

„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა – ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრი

ვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კაპიტალური ხარჯების, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ნაწილში – ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. ნათია თურნავა სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

ნათია თურნავამ  საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის პასუხად სახელმწიფო პროგრამების რამდენიმე წარმატებული მაგალითი მოიყვანა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“.

„მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა – ბიუჯეტიდან ისეთი ეფექტური პროგრამები ფინანსდებოდა და ფინანსდება, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში,“  რომელიც 2014 წლიდან არსებობს – დღესაც, კოვიდის დროს ანტიკრიზისული პოლიტიკის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა, 600-ზე მეტი ქართული საწარმო, მცირე და საშუალო სასტუმროა დღემდე დაფინანსებული“ – გამაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 6000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები, უკვე ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება, საბრუნავი სახსრები შეივსონ, არ დააწვეს მათ საბანკო სესხების სიმძიმე და ხელფასები გაისტუმრონ. „პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი – ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა იზომება სამუშაო ადგილებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ასევე ძალიან ეფექტური რამდენიმე პროგრამა ხორცილედება, მათ შორის გაზიფიკაციის 3-წლიანი პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის გაზიფიკაციის დონე 90%-ზე ადის.

„400-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, სადაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არასოდეს ყოფილა გაზი, ჩვენ შეგვყავს ბუნებრივი აირი. ეს არის პროგრამები, რომლებიც ემსახურება 2200 კმ რეაბილიტირებულ გზას, ჩვენს მიერ გაყვანილი 267 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი, 218 ახალი 291 რეაბილიტირებული ხიდი და ა.შ.“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა –  ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი – არა. ნათია თურნავამ ამ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიციას უპასუხა –  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

„საქართველოს მოქალაქეები, ვინც ჩამოდიან, კარანტინში ხვდებიან, რომლის ხანგრძლივობაც ეტაპობრივად მცირდება – ამ თვალსაზრისით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მიღწევებს. უცხოელი მოქალაქე გაცილებით მარტივი სამონიტორინგოა მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ ის ინფიცირებული აღმოჩნდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და სავალდებულოა PCR ტესტი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, გაცილებით მარტივია იმ უცხოელების კონტაქტების მოძიება და კონტროლი, ვინც საქართველოში ნაცვალგების ქვეყნებიდან შემოდის. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ერთი ოჯახის წევრს უწევს კარანტინის გავლა, ხოლო მეორეს – არა, ამის შესახებ ნათია თურნავა განმარტავს, რომ ოჯახის მეორე წევრსაც სრული უფლება აქვს, კარანტინი გაიზიაროს. „ამას გარდა, იმისთვის რომ ჩვენი მიკვლევადობა სრულფასოვანი იყოს, რაც ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების სიძლიერეა – ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდადაა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან დაკავშირებით როგორც მინისტრი აღნიშნავს, აქ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით მეტი სოციალური თუ სამუშაო კონტაქტები აქვთ, შესაბამისად, გაცილებით დიდ რისკს ქმნიან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

„ჩვენ იმიტომ ვართ ძლიერები ანტიპანდემიურ ღონისძიებებში, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენი ეპიდემიპლოგების, ჩვენი მედიკოსების რჩევებს. ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია და მას იქამდე აღვასრულებთ, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა, რომელშიც პარლამენტის პლენარულ სხდომაში ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

ნათია თურნავა – ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, კოვიდის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა

„ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც  მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, რომელშიც ის ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სულ მალე, გაფართოების სამუშაოების შედეგად ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება.

„შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების გადაყვანის რეკორდული მაჩვენებლები და ზრდა იყო, მათ შორის 50%-იანი ზრდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ჩვენმა აეროპორტებმა გაატარეს 5,2 მლნ მგზავრი, როდესაც 2012 წლამდე ეს რიცხვი 1,4 მლნ იყო. ეს მაჩვენებლები არის თავისთავად იმისი ანარეკლი, თუ რა პოლიტიკას ატარებდა თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელსაც მე 2006 წლის ნოემბერში სრულიად სამართლიანად გავეყარე და შეგახსენებთ, რომ ეს ნამდვილად ის პერიოდია, როდესაც ბიზნესის რეკეტი დაიწყო.  ჩემს მიერ ჩამოთვლილი ციფრები არის ასევე იმის მაჩვენებელი, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ „ღია ცის“ თვალსაზრისით და ეს ის მონაპოვარია, რომელსაც არ დავთმობთ“, – მიმართა ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

ნათია თურნავა: „ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო –  ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები ინფიცირებულთა ნაკლები რიცხვის შემთხვევაში და ახლა, ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, რატომ ამუშავებს ეკონომიკას.

ამ საკითხზე პასუხი ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას გასცა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თავის დროზე, როდესაც დაიწყო პანდემია და არავინ იცოდა მსოფლიოში, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას, მთავრობას რომ არ მიეღო ის მკაცრი ზომები, რაც მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნებოდა ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა. 

„სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ვართ. მაშინდელი 20 შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო შემაშფოთებელი იყო და მათ შორის საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება, ვიდრე დღევანდელი საქართველოსთვის თუნდაც 150 ან 160 შემთხვევა, რომლებსაც ჩვენ ყოველგვარი პანიკის გარეშე, აუღელვებლად, დღეს მხოლოდ წერტილოვანი ზომების მეშვეობით ვმართავთ, რადგან გვაქვს უფრო მეტი  მომზადება, უფრო მეტი ცოდნა, მართვის სხვადასხვა ბერკეტი ამოქმედებული, ტესტირება და მართვის შესაძლებლობები ჯერადობით გაზრდილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ამიტომაც დღეს, თუნდაც ინფიცირების მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადავედით ადაპტაციის პერიოდზე. „და როგორც არ უნდა დაგვისვათ კითხვა, არ შევზღუდავთ ეკონომიკას –  ეკონომიკა იმუშავებს“, – განაცხადა მინისტრმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *