გოგონების საერთაშორისო დღე – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ახალი ანგარიში: „COVID-19 დაგოგონების უფლებები“

2020 წელი, 11ოქტომბერი – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“აქვეყნებს ახალ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს COVID-19-ის პანდემიის გავლენას გოგონების უფლებებზე. ანგარიშის თანახმად, 2020 წელი გარდამტეხი მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო ქალების და გოგონების უფლებათა დაცვის კუთხით. გენდერული თანასწორობის პეკინის დეკლარაციისა და მისი სამოქმედო პლატფორმის 25 წლისთავის აღსანიშნავად, სახელმწიფოებს უნდა შეემუშავებინათ 5-წლიანი გეგმა გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად.

თუმცა, COVID-19-ის გამო, ქალებისა და გოგონების უფლებები მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშაა. დაუყოვნებლივი მოქმედების გარეშე, პანდემიის გავლენა გოგონებისა და თითოეული ჩვენგანის მომავლისათვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. Save the Children-ის ანგარიშის თანახმად, პანდემიით გამოწვეული სკოლების დახურვა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მხოლოდ 2020 წლის მანძილზე დამატებით 500 000 გოგონას ნაადრევ ქორწინებას გამოიწვევს, ხოლო ბავშვობის ასაკში ორსულობათა შემთხვევების რაოდენობა დამატებით 1 მილიონით გაიზრდება. ეს გარემოებები გოგონების უფლებებს, მომავალსა და სიცოცხლეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

მოსალოდნელია, რომ 2021 წლისათვის 435 მილიონი ქალისა და გოგონას შემოსავალი ყოველდღიურად 1,90 აშშ დოლარამდე (6,27 ლარი) იქნება – დამატებით 47 მილიონი ქალი და გოგონა აღმოჩნდება სიღარიბეში COVID-19-ის გამო. ქალები და გოგონები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიმართ უფრო მოწყვლადნი არიან: COVID-19-მდეც კი, ყოველწლიურად 12 მილიონი გოგონა ქორწინდებოდა ბავშვობის ასაკში; 15-19 წლის ყოველი მეოთხე გოგონა არ სწავლობდა და არ მუშაობდა – ბიჭების შემთხვევაში ეს რიცხვი  მხოლოდ 10%-ს შეადგენდა; მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ქალი და გოგონა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქვეყნების 60%-ში მემკვიდრეობის მიღებისა და საკუთრების უფლების კუთხით, გოგონები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იყვნენ – მიიჩნევა, რომ პანდემია ამ მძიმე მაჩვენებლებს გააღრმავებს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children  სახელმწიფოებს მოუწოდებს, დაიცვან გოგონების თაობა პანდემიით გამოწვეული კრიზისისგან მათ მიმართ ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, გოგონების უფლებების განხორციელების კუთხით ინვესტირების ზრდისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ანგარიში:

https://georgia.savethechildren.net/sites/azerbaijan.savethechildren.net/files/library/global_girlhood_report_2020_.pdf

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *