SAVE THE CHILDREN – COVID-19-ის პანდემიის გამო, თითქმის 600 მილიონი ბავშვი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა

15 ოქტომბერი, 2020 წელი Save the Children-ის ახალი ანგარიშის „ბრძოლა ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ“ (A Foundation to End Child Poverty) თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრები594 მილიონი ბავშვი ვერ იღებს ბავშვებისა და ოჯახებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას.

პანდემიის დაწყებამდეც კი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 1 მილიარდამდე ბავშვი მრავალგანზომილებიან სიღარიბეში ცხოვრობდა და ვერ იღებდა სათანადო განათლებას, ჯანმრთელობის მომსახურებას. მათ ხელი არ მიუწვდებოდათ სათანადო საკვებსა და თავშესაფარზე. პანდემიის დაწყების შემდეგ ასეთი ბავშვების რაოდენობამ 1.2 მილიარდს მიაღწია.

COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, თითქმის ყველა სახელმწიფომ დაიწყო ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდებოდა ფინანსური დახმარების გაცემას, საკვებისა და ვაუჩერების დარიგებასა და ფინანსური ვალდებულებების შესრულების გადავადებას. თუმცა მსოფლიო ეკონომიკამ მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა და შედეგად, პანდემიამ ბავშვთა სიღარიბისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა მინიმუმ 10 წლით დახია უკან.

ანგარიში სახელწოდებით „ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა“ (A Foundation to End Child Poverty), Save the Children ხაზს უსვამს უნივერსალური დახმარების სისტემის ამოქმედების საჭიროებას. ამგვარი ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს რეგულარული და მდგრადი ფულადი დახმარებების გაცემას, ხელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას და მისი დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის დაწყებამდეც, ბავშვების მხოლოდ 35% იღებდა სოციალურ დახმარებას. ამასთან, გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, პანდემიამდე საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ, ხოლო 7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა,[1]მიუხედავად ამისა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალინდიკატორული მულტიკლასტერული კვლევის შედეგების თანახმად, ბავშვების მხოლოდ 11.7% იღებდა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას უკანასკნელი სამი თვის მანძილზე.[2]

ამდენად, Save the Children-ის ანგარიშის „ბრძოლა ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ“ მიგნებები და რეკომენდაციები საკმაოდ საინტერესოა საქართველოს კონტექსტშიც.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ანგარიში:

https://resourcecentre.savethechildren.net/node/18331/pdf/a_foundation_to_end_child_poverty_full_report_english.pdf

[1]https://www.unicef.org/georgia/media/1261/file/WMS%20-%20GEO%20-%202017.pdf

[2]https://www.unicef.org/georgia/media/3501/file/Georgia_MICS_2018_en.pdf

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *