მარიამ სულაბერიძე – პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ინტერნეტიზაციის საპილოტე ქსელის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

“ოუფენ ნეტის“ დირექტორის, მარიამ სულაბერიძის განცხადებით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

ამის შესახებ სულაბერიძემ ოზურგეთში განაცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, აკაკი საღირაშვილთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

“ქსელის მშენებელმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშაოები და გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში დაიწყო მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონის 30 000-მდე მოსახლეს მალე შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა ელექტრონული სერვისებით. აღსანიშნავია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ყველა მხარემ შეძლო საპილოტე ქსელის მშენებლობის დასაწყებად საჭირო პროცესები დაჩქარებული წესითა და შეუფერხებლად წარემართა“ , – განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.

როგორც მარიამ სულაბერიძემ აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-ზე მეტი ქსელი აშენდება.

“დღეს ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ინტერნეტიზაციის აუცილებლობაზე – ვფიქრობ, რეგიონის გაძლიერებისთვის გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედს ვიტოვებთ, რომ ფართოზოლოვან სერვისებთან წვდომით მოსახლეობას ექნება ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *