IT აუთსორსინგი – ნაკლები დანახარჯი ბიზნესს

კომპანია „IT Craft“-ი მომხმარებელს  IT მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს: კომპანია „ IT Craft-ის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი მიქაცაძე. სერვისი ხორციელდება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ბევრად უფრო მოქნილია, ვიდრე ნებისმიერი ხელშეკრულება. ეს კი მომხმარებელს ზედმეტი ხარჯებისგან ათავისუფლებს. თუ როგორია კომპანიის საქმიანობა, რა გამოწვევების წინაშე დგას  და რას აპირებს მომავალში,  ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა რადიო გადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალი თაობის ბიზნესი“ კომპანია „ IT Craft“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი მიქაცაძემ.

კომპანია „ IT Craft“-ი 2018 წელს დაარსდა და  პროფესიონალურ IT მომსახურებას უწევს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს.  კომპანია მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, სერვერების კოლოკაცია, საპორტი, IT აუთსორსინგი, სახანძრო მომსახურეობა, ტექნიკის შეკეთების სერვისი და ასე შემდეგ. და  ყველა მიმართულებას ყავს საკუთარი მენეჯერი. იგი ორიენტირებულია არა ტექნიკის გაყიდვაზე, არამედ სერვისების გაყიდვაზე. კომპანია  აქირავებს სერვერებს თავისი სერვისებით და  სრულადაა პასუხისმგებელი ინფორმაციის დაცულობაზე.  განვითარებისთვის დიდ ინვესტიციებს დებს, პერიოდულად ახდენს კადრების გადამზადებას. კომპანიაში 35 ადამიანია დასაქმებული. 

კითხვაზე თუ როგორ მოიპოვეს პირველი მომხმარებელი, ბატონი გიორგი ამბობს, რომ მომხმარებელთან სწორად მიტანილი ინფორმაციით და გამჭვირვალობით. პრაქტიკულად ყველა სერვისს, რასაც მომხმარებელს სთავაზობენ, ამყარებენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაში ჩადებულია რისკები, მათ შორის ფინანსურიც.  „ჩვენ პერიოდულად ინვესტიციებს ვდებთ აპარატურის შესყიდვაში, რადგან სერვისებს ვყიდით. ჩვენ აპარატურას ვაქირავებთ და ვაყოლებთ სერვისს. გვაქვს „ბექაფების“ სისტემები აწყობილი, რომელიც საბუღალტრო პროგრამებზეა უფრო გათვლილი. ასევე მომხმარებლის პირად ინფორმაციებს ვინახავთ ჩვენივე მოწყობილობებზე, რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებულია  და ვახდენთ რამდენიმე ადგილას „ბექაფირებას“. ამასთანავე თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, რაც ძალიან მინიმუმზე გვაქვს დაყვანილი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ვკარგავთ ან ორი საათის, ან ერთი დღის საბუღალტრო გატარებას.  პრაქტიკაში გვქონია ასეთი შემთხვევა, თუმცა არაფერი არ დაგვიკარგავს. ახლაც, ჩვენ განვახორციელეთ ინვესტიცია. შევისყიდეთ ახალი აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტ ქსელის დაცულობას“-ამბობს გიორგი მიქაცაძე.

კითხვაზე, რამდენად ხშირია კიბერშეტევები და საიდან ხდება ძირითადად, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სამწუხაროდ კიბერშეტევები ძალიან ხშირია და ძალიან დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს.  შეტევები ძირითადად ხორციელდება რუსეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ბოლო დროს საქართველოშიც იყო მსგავსი შემთხვევები რამდენჯერმე და ინფორმაციის თვალსაზრისით ცუდად დასრულდა. საბედნიეროდ, კომპანია  თითქმის 99 პროცენტით იგერიებს კიბერშეტევებს, თუმცა ასპროცენტიანი დაცვა IT სფეროში რეალურად არ არსებობს. კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გაკეთდეს გადაზღვევები, უნდა იზრუნო მომხმარებელზე და  რეპუტაციაზე და რაც მთავარია არ უნდა დაგეზაროს ინვესტიციების ჩადება კომპანიის გაძლიერებაში.

რაც შეეხება სერვერების კოლოკაციას, როგორც ბატონი გიორგი აცხადებს,  სერვერის კოლოკაცია არის ის, რომ კომპანიას  მომხმარებლის თანხმობით სერვერი (ინფორმაციის შესანახი სივრცე)  მიაქვს და თავად უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას.

კითხვაზე რამდენად  მომგებიანია IT აუთსორსინგი, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ბიზნესისთვის IT აუთსორსინგი დღითიდღე აუცილებელი ხდება. საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ორგანიზაციებს აყენებს მძლავრი IT სტრუქტურების ჩამოყალიბების აუცილებლობის წინაშე, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ზოგიერთი მსხვილი კომპანიისთვის უფრო მომგებიანია აუთსორსინგი, ანუ გარე კომპანიის მომსახურება. ამ გზას უკვე მსოფლიოს მრავალი ორგანიზაცია მიმართავს და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. IT აუთსორსინგი გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და განვითარების გადაცემას მომსახურე კომპანიაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და ვადებით. საერთო ჯამში, IT აუთსორსინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების ხარჯებს და ორგანიზაციის აიტი სისტემას ქმნის უფრო ეფექტურს და საიმედოს. დაახლოებით ეს მომსახურეობა ორგანიზაციას სულ მცირე 30 პროცენტიან ხარჯს ააცილებს.

კითხვაზე არის თუ არა ეს ბიზნესი მომგებიანი, ბატონი გიორგი ამბობს, რომ მომგებიანია, რადგან მათი ბიზნესი ყოველდღიურად ვითარდება. პანდემიის პერიოდშიც კომპანიას არც თანამშრომლები და არც ხელფასები არ შეუმცირებია, რადგან მათ ყოველთვის აქვთ გარკვეული თანხა გადადებული კრიზისისთვის და ყოველთვის ცდილობენ მოგების დიდი ნაწილი კვლავ კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენონ.

რაც შეეხება იმას, თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო მსგავსი ბიზნესის დასაწყებად, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი ბიზნესის დასაწყებად უმთავრესია პირველ რიგში ინვესტიცია იყოს კადრებში. „ჩვენს შემთხვევაში ინვესტიცია იყო ეს, რომ მოტივირებული ადამიანები იყვნენ ჩვენს გვერდით და ამ მოტივაციით დავიწყეთ და მოვდივართ დღემდე. დაახლოებით 100 ათასი დოლარის ინვესტიცია სჭირდება რომ მინიმუმ ექვს თვეში რაღაც დონემდე მივიდეს კომპანია“-აცხადებს გიორგი მიქაცაძე.

კითხვაზე იქონია თუ არა პანდემიამ გავლენა კომპანიაზე, ამის შესახებ ბატონი გიორგი ამბობს, რომ კომპანია პანდემიას მომზადებული შეხვდა, შესაბამისად მუშაობა არ გასჭირვებიათ. კომპანია ადამიანური რესურსითაც და აპარატურითაც მზად იყო გამოწვევებისთვის. მეტიც, ბიზნესის დახმარების მიზნით, მათ სხვა კომპანიებს გაუწიეს უფასო მომსახურეობა. ასევე, კომპანიამ კოვიდ 19-ის ფონდში გარკვეული თანხაც გადარიცხა. პანდემიის პირველ ეტაპზე, როდესაც მთელი ბიზნესი გაურკვევლობაში იყო, კომპანიამაც განიცადა დაახლოებით 20 პროცენტიანი ვარდნა, თუმცა პარალელურად გაჩნდა ახალი  შესაძლებლობები. „ექსკლუზიურად ჩვენ სერვერზე გავაკეთეთ ზუმის მსგავსი პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და დღესაც მუშაობს.  რამდენიმე სკოლა დღემდე ჩართულია“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *