პოლონეთის საგარეო უწყება – ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და საერთაშორისო სტანდარტები იყო დაცული

პოლონეთის საგარეო უწყება აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების სწრაფად და ეფექტიანად ორგანიზებასთან დაკავშირებით შეცვლილი საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო/ოდირის, ევროკავშირის. ეუთოს, ევროსაბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების) შეფასებას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდარტები იყო დაცული. თუმცა, ყურადღებას ვაქცევთ ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ გავრცელებულ შემაშფოთებელ ცნობებზე (რომელთა რაოდენობა თითქოსდა აღემატებოდა 2016 წლის არჩევნებისას). მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა საჩივარი სათანადო ყურადღებითა და ინსტიტუციური პროცესის პატივისცემით, ასევე მოქმედი პროცედურების შესაბამისად. ეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისდამი ნდობას გაზრდის, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურის წინ. პოლონეთი უცვლელად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *