საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ახალი გენერალური მდივანი შეიძლება, საქართველოს წარმომადგენელი გახდეს

17 ნოემბერს საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია (Association de la Sommellerie Internationale – ASI) ახალ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს აირჩევს. არჩევნები ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ASI-ის წესდებით, პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის არჩევა ერთდროულად ხდება. ამჯერად გენერალური მდივნის  პოსტზე წარდგენილია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის და „მარანი ხეცურიანი“-ს დამფუძნებლის, შალვა ხეცურიანის კანდიდატურა. ის არჩევნებში მონაწილეობას პრეზიდენტობის კანდიდატ, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ, არგენტინელ ანდრეს როსბერგთან ერთად მიიღებს. მათი კონკურენტები კი  ბელგიისა და გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტები იქნებიან.

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია მსოფლიოს 61 ქვეყნის სომელიეთა ასოციაციას ანუ მსოფლიოს მასშტაბით 40 ათასამდე სომელიეს აერთიანებს და პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს სამ წელიწადში ერთხელ ირჩევს.

ASI-ის არსებობის 51 წლიან ისტორიაში, გენერალური მდივნის პოსტზე ქართველი კანდიდატი წელს პირველადაა წარდგენილი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში,  საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის მე-18 გენერალური მდივანი იქნება.

დამატებითი ინფორმაცია მედიისთვის:

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია დაარსდა 2003 წელს. 2014 წლიდან გახდა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის Association de la Sommellerie Internationale (ASI) წევრი. 2018 წელს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით, საქართველოში უმასპინძლა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის 49-ე გენერალურ ასამბლეას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *