ნათია თურნავა – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკა გვქონდეს, მაგრამ ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას სწორედ მარეგულირებელი ტიპის სადგურები განამტკიცებს

„ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული ამოცანა, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში უდგას და ამ საკითხის უდიერად მოხსენიება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე დასმულ შეკითხვას.

„ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ დასვა სწორი და კორექტული შეკითხვა ამ თემაზე. ჩვენ გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც გააჩნია წყალსაცავი და შეუძლია, ზამთრისთვის წყლის შენახვა და აქვს რესურსი მოგვეშველოს, როდესაც დეფიციტური პერიოდი გვაქვს. ეს არის ძველი სადგურები, რომლებიც საბჭოთა პერიოდშია აშენებული და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი რეზერვუარიანი სადგური, რომელიც სარეზერვო სიმძლავრეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იყოს აშენებული. მცირე ჰესები, ქარის სადგურები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ქვეყანა ვიყოთ, მწვანე ენერგეტიკა გვქონდეს, მაგრამ სწორედ მარეგულირებელი ტიპის სადგურები განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *