საქართველოს სტუდენტების ჯგუფი რიონის ხეობისთვის

ნამახვან ჰესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მოკლე აღწერა

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი ითვალისწინებს მდ. რიონის ათვისებას ზღვის დონიდან 357 და 205 მ ნიშნულებს შორის მოქცეულ მონაკვეთზე. კასკადის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ: წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. საპროექტო არეალი მოიცავს მდ. რიონის ხეობის იმ ნაწილს რომელიც მოქცეულია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანას და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ჟონეთს შორის.

საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? 1930-იან წლებიდან დაწყებული დიდი და პატარა ჰესების საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ამ დოკუმენტაციების უბრალოდ დამუშავება მოხდა და განახლებული ვერსიით ჩანაცვლდა, ერთ-ერთი ეს არის ნამოხვანის პროექტი. 

აღნიშნულ ტერიტორიებზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა – მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, მათ შორის 14 ეკლესია. მთლიანად წყლით იფარება სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულის, ენეოლითის ხანის 13 არქეოლოგიური ობიექტი.

წყლით იფარება, ასევე, რაჭის რეგიონისკენ მიმავალი საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი. რამდენიმე სოფლის სასაფლაოა მოქცეული წყალსაცავების წყლით დასაფარი ტერიტორიების ფარგლებში. წყალსაცავების წყლით შევსების პროცესის დაწყებამდე, შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს გვამების გადასვენება და სასაფლაოს ნაგებობების დემონტაჟი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით

ტვიში ჰესის მოწყობის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 100 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, ხოლო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მოწყობა, წყლით დაფარავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებსა და 3 დასახლებულ პუნქტს (სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა). აღნიშნულ პროექტს არაპირდაპირი ზემოქმედება ექნება დამატებით 4 სოფელზე (ზემო ონჭეიში, ვანი, დერჩი და მექვენა), საუბარია ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებაზე.

სოფელ ნამოხვანში, 5 თვეზე მეტია, ხვამლის მთის ძირას, რიონის ნაპირას ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტთა ჯგუფები ქვეყნის ყველა კუთხიდან იმყოფებია: სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. კარვებში ყოველდღიურად მორიგეობენ გაუსაძლის პირობებში, რათა სამშენებლო სამუშაოები შეჩერდეს და ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი გაეცეს.

ამავდროულად, პოლიციას გუმათში და მექვენასთან ბლოკპოსტები 3 აპრილიდან აქვს მოწყობილი, მას შემდეგ, რაც კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. “რიონის მცველებს” გადაადგილების უფლება აქვთ შეზღუდული, და არამარტო “რიონის მცველებს” არამედ იქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

ჩვენ, სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ რიონის ხეობის მკვიდრთ და ვართ სოლიდარულები მათ მიმართ. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია სახელმწიფოებრივ ინტერესზე, ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე.

საქართველო ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და დირექტივების კონტექსტში

ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუცია

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, საქართველო და ევროკავშირი გადავიდა ურთიერთობის უფრო ღრმა ფაზაში და დოკუმენტში ყურადღება გამახვილდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის – ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაზე; რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისთვის გამიზნული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისას; თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ევროპარლამენტმა მოუწოდა, დაიცვან ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე საუბარი იყო 2018 წლის 14 ნოემბერს ევროპარლამენტის რეზოლუციით დამტკიცებულ ანგარიშში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტში ხაზი გაესვა დადებითად შეფასებულ ფაქტებს და ამასთან, ევროპარლამენტის მხრიდან გაკეთდა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა:

• შეიმუშაოს ქმედითი ენერგეტიკული სტრატეგია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიების ათვისებასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებს;

• გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობის დონე/ხარისხი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას;

• გააუმჯობესოს საქართველოს მიერ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება

• საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება – რაც გულისხმობს ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოვებას და თანამშრომლობის განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოძიება, მოპოვება და ტრანზიტი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტიანობა. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესაძლებლობას.

ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივების რეკომენდაციები

• უნდა გამოიყოს ე.წ. ხელშეუხებელი ზონები, სადაც აიკრძალება ახალი ჰესების მშენებლობა;

• უნდა მოხდეს არსებული ჰესების განახლება და მოდერნიზება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ ახალი ჰესების მშენებლობა და მათგან გამოწვეული ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე;

• უნდა დაწესდეს ნათელი ეკოლოგიური სტანდარტები ახალაშენებული და განახლებული ჰესებისათვის და გამოსწორდეს საექსპლუატაციო პირობები. მაგალითად, ჰესებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ეფექტური თევზსავალები და იცავდნენ წლის ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ხარჯის გამოყენების სტანდარტს;

• პროექტის დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რათა გადაწყდეს, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებულ ზიანს ნამდვილად აღემატება თუ არა ჰესების ეკონომიკური/ენერგეტიკული სარგებელი;

• პროექტის ზომა არ არის მისგან მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ნებისმიერი ზომის პროექტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის შედეგადაც მოხდება წყლის ობიექტის ხარისხის გაუარესება და დაირღვევა წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნები.

საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და მიღებული რეკომენდაციების პარალელურად რა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა?

რთულია ვილაპარაკოთ საქართველოს ევროპულ კურსზე მაშინ, როცა სახელმწიფოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის დირექტივებთან, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ დამტკიცებულ ანგარიშებთან,  ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივების მოთხოვნებთან და სხვადასხვა გარემოსა და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან. არ შეესაბამება, რადგან ნამახვანჰესის კონკრეტული პროექტის განხორციელება დაიწყო ზემოთჩამოთვლილი თითოეული პუნქტის დარღვევით – პროცესის გაუმჭირვალე დაწყებით, ხოლო მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველანაირი გარემოსდაცვითი კვლევის დაწყებამდე. არარსებულ სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასა და კვლევებზე დაყრდნობით. ამ ყველაფრის შემდეგ  ნათელია, რომ ნამოხვანჰესის პროექტის მშენებლობა არათუ ითვალისწინებს, არამედ არღვევს ყველა იმ ვალდებულებას ენერგეტიკულ თუ გარემოსდაცვით სექტორებში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე აქვს შესასრულებელი.

აღნიშნული დირექტივების პარალელურად

რიგი კვლევებით დადასტურებულია, რომ დიდი ჰიდრო-კაშხლების მშენებლობა, არ შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოზე, დრამატულად ცვლიან სოციალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას. ნამოხვანის ჰესის პროექტი გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის პარამეტრებს შეესაბამება და ამ პროექტის განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზეგავლენა იქონიოს რიონის ხეობის მიკროკლიმატსა და მიმდებარე რეგიონების სიცოცხლისუნარიანობაზე. 

2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დიდი კაშხლების, ჰესების უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე (იძულებითი გადასახლება, ტრადიციების დაკარგვა, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ლანდშაფტისა და ლოკალური კლიმატის შეცვლა) იმდენად ძლიერია, რომ ისინი უკვე აღარ განიხილება განახლებადი ენერგეტიკის ნაწილად.

ამას გარდა, ევროპარლამენტმა, 2011 წლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიო ბანკი, დიდი კაშხლების მშენებლობის მხარდაჭერისათვის და მოუწოდა, მხარი დაეჭირა ალტერნატიული, მცირე მასშტაბის ენერგო-პროექტებისათვის.

2014 წელს ოქსფორდის ახალი ანგარიშის „უნდა ავაშენოთ თუ არა მეტი დიდი კაშხლები? ჰიდროენერგეტიკაში მეგაპროექტების განვითარების ჭეშმარიტი ფასი“ თანახმად, დიდი კაშხლების მშენებლობის ხარჯები არაეკონომიკურია და არ იძლევა მოგებას, მაშინაც კი თუ არ გავითვალისწინებთ  გარემოსდაცვით და ადამიანურ გარემოზე ზემოქმედების ხარჯებს. კვლევის თანახმად, დიდი კაშხლის მშენებლობისას ხარჯების გადინების მოცულობა 70- იანი წლებიდან არ შემცირებულა. მთლიანი ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ეკონომიკურად არასიცოცხლისუნარიანია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

ნამახვანის და ონის კასკადი, ორივე ჰესი პირდაპირი საშიშროებაა, არამარტო რეგიონისთვის არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზის გამო:. Პირველ რიგში, პროექტში გათვალისწინებული არ არის სეისმური რისკები.  რაჭის 1991 მიწისძვრის დროს მიწა გაირღვა 80 კილომეტრზე და ეს პროცესი დღემდე მუდმივად გრძელდება, აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთ სეისმურად აქტიურ მონაკვეთში შენდება ნამახვანის კაშხალი. 

მეორეც, საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო კავკასიონზე მყინვარული საფარის დნობის შედეგად, აღნიშნული რესურსები შეიძლება შემცირდეს.  თუმცა, ნამოხვანის პროექტის ხელშეკრულებაში წერია, რომ მდინარე რიონი თუ არ იქნება საკმარისი კომპანიისთვის, მათ აქვს შესაძლებლობა, რომ დამატებით, მდინარე ცხენისწყალიდან აიღონ რესურსები, რაც მდინარე ცხენისწყლის აუზში გამოუსწორებელ ეკოლოგიურ შედეგებს მოგვიტანს.

გარდა ამისა, ბუნდოვანია პროექტის ეკონომიკური სარგებელი: ხელშეკრულების თანახმად ქართული მხარე იღებს ვალდებულებას რომ ჰესის ამუშავებიდან მომდევნო 15 წელი დენს გარანტირებულად შეიძენს კომპანია “ენკასგან” 6.2 ცენტად,, მაშინ როცა, აღნიშნული ფასი  უფრო ძვირია, ვიდრე დღევანდელი გადასახადი, ხოლო ახალაშენებულ ჰიდროელექტროსადგურმა დამატებითი ენერგიის გამომუშავებით მისი ფასი უნდა გააიაფოს, არა თუ უფრო გააძვიროს..

იმ არგუმენტების მოკლე მიმოხილვის შემდეგ ისმება კითხვა:  რა საჯარო სიკეთე მოაქვს ამ პროექტს ? 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნამოხვანის ჰესის მშენებლობა გაუმართლებელია, როგორც ეკოლოგიურად, ასევე, ეკონომიკურად და სოციალურად. ხოლო, ამ ჰესის აშენებით მიყენებული ზიანი, გამოუსწორებელი იქნება მთელი რიონის ხეობისთვის და მოსაზღვრე რეგიონებისათვის. ეს კი, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, გახდება ზიანის მომტანი.

ჩვენ, სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ რიონის ხეობის მკვიდრთ და ვართ სოლიდარულები მათ მიმართ.

დეა მაღალაშვილი


უპირველეს ყოვლისა, გვსურს მხარდაჭერა გამოვხატოთ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკვე 170-ე დღეა ღამეს ათენებენ კარვებში რიონის ხეობის ტეორიტორიაზე. ძლიერი დემოკრატიისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილია მშვიდობიანად მოხდეს საკითხის გადაწყვეტა და გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებები, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მტკიცედ შენარჩუნება.  ამ მიმართულებით საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს და შეაფასოს დანაკარგები და სარგებლი, დროულად მოხდეს ნაბიჯების გადადგმა და გაჯანსაღდეს ენერგოპოლიტიკა. საჭიროა, ხელშეკრულების ღიაობა, პროცესების გასაჯაროვება, დანაკარგებისა და სარგებლის შეფასება.

საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებობა აუცილებელია, თუმცა, მისი რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს, სწორად და პატიოსნად. თუ კი ეს ვნებს ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას ამ საკითხის გათვალისწინება უნდა მოხდეს პირველ რიგში. ხელშეკრულება არამარტო საერთო არამედ ქვეყნის ინტერესებსაც კი არ ითვალისწინებს. იქ მყოფი “რიონის მცველების” და ადგილობრივი მოსახლეობის კონსტიტუციური და ფუნდამენტური უფლებები შეზღუდულია.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს საერთო და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მოხდეს სახელმწიფოსა და კოლექტიური ინტერესების გათვალისწინება, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა და გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება და რაც მთავარია, სამუშაოები შეჩერდეს და ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი გაეცეს.

თათია ფარადაშვილი

ვფიქრობ, ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა წარიმართოს გარემოსდაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მიხედვით. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა იყოს მონაწილეობითი, გამჭირვალე და საჯარო. აუცილებელია ჯანსაღი დიალოგი, განსაკუთრებით კი ასეთ სენსიტიურ საკითხზე, რომელიც შეეხება მოსახლეობისა და ტერიტორიული, კულტურული მემკვიდრეობითი ძეგლების უსაფრთხოებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და ევროპარლამენტის რეზოლუციებით განსაზღვრულ ვალდებულებზე, ისევე როგორც გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებზე. 

საქართველოს სჭირდება ელექტროდამოუკიდებლობა, თუმცა ბუნებრივი რესურსების განკარგვისას, უმთავრესია დემოკრატიული და გამჭირვალე პროცესი; ჩემი აზრით, ასეთი ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებისას ადგილობრივებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სწორ და განახლებულ ინფორმაციაზე, ეს ხომ მათი კონსტიტუციური უფლებაა.

დავით ბიბილეიშვილი

სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, სადაც ვალდებულებები, პასუხისმგებლობების ტვირთი სახელმწიფოს მხარესაა, ხოლო თითქმის შეუზღუდავი უფლებები, მთლიანი სარგებელი უცხო ქვეყნების , თურქულ-ნორვეგიული კომპანიის ხელშია და საჯარო ინტერესი თითქმის უგულვებელყოფილია, უზარმაზარი უცხოური კაპიტალის მხრიდან მსგავსი აქტივობა იმპერიალისტური აქტია.

ორკესტრირებული და შეთანხმებული პოზიციონირება, ჰესის მშენებელი კომპანიისა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. აგრეთვე, თურქეთისა და ნორვეგიის ელჩების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, სადაც პირველი ორი მათგანი მხარეებს წარმოადგენს ხოლო, ბოლო ორი _ კი, უცხო ქვეყნის დიპლომატები არიან და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან, იმპერიალისტური გამოვლინებაა საქართველოსა და აქ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ,

ელიზბარ ტვილდიანი

უნდა აღინიშნოს რომ ადგილობრივმა საზოგადოებამ საკუთარი და კოლექტიური ინტერესების დასაცავად შეძლო თვითორგანიზება, რომელიმე პოლიტიკური ერთეულის მედიაციის გარეშე. გასათვალისწინებელია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობისა და მოსახლეობის მოთხოვნათა არტიკულირების მსგავსი ფენომენი იშვიათი მოვლენაა. პროტესტის ფორმა 5 თვის მანძილზე იყო და არის მშვიდობიანი, მოკლებული ნებისმიერ ძალადობასა და პროვოკაციებს. უნდა აღინიშნოს რომ არაერთხელ იყო მცდელობა პროტესტის მონაწილეები შერაცხულიყვნენ როგორც ქსენოფობები, თუმცა როგორც ადგილობრივმა ისე სრულიად საქართველოს საზოგადოებამ შეძლო იმის დემონსტრირება რომ საუკუნეების მანძილზე თანგვდევს ტოლერანტობა სხვა ეთნოსების წარმომადგენლების მიმართ და საზოგადოების კოლექტიური ინტერესების დაცვა წარმოადგენს პრიორიტეტს და არა ეთნიკური ნიშნით ინვესტორისა თუ სხვა წარმომადგენლების დევნა. შესაბამისად კულტურისა და თვითორგანიზების ასეთი მაღალი დონე სულ მცირე იმსახურებს ყურადღებას და ამ საზოგადოების ინტერესების მოსმენასა და გააზრებას.

ესმა გუმბერიძე

რისთვის შეიძლება, გვჭირდებოდეს პროექტი, რომელიც ადგილობრივ კლიმატს შეცვლის, გარემოზე იმოქმედებს? შესაძლოა, ეს ზიანი დაბალანსდეს საჯარო ეკონომიკური სარგებლით, მაგალითად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული დიდძალი გადასახადით, რაც ნამოხვან-ჰესთან მიმართებაში არ იკვეთება; ასევე შესაძლოა, სახელმწიფოს ჭირდებოდეს იაფი ელექტრო ენერგია, თუმცა ნამოხვან-ჰესთან მიმართებაში კომპანიას 15 წლის შემდეგ აქვს უფლება, მოპოვებული ელექტრო ენერგია გაყიდოს არა საქართველოში, არამედ იქ, სადაც უფრო მაღალ ფასს გადაუხდიან. და ბოლოს, ჰესის მუშაობა არ საჭიროებს უამრავი ადამიანის შრომას, შესაბამისად ადგილობრივთათვის არც მასშტაბური დასაქმების შესაძლებლობად იქცევა. 

გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, სწავლისას დავესწარი ევროკავშირის მეცნიერების განვითარების ინიციატივა „ჰორიზონტ 2020/Horizon 2020”-ის საგრანტო კონკურსზე წარსადგენი ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციას. პროექტი გულისხმობდა ისეთი სისტემის აწყობას, სადაც რიგით ადამიანებს მიეცემოდათ მცირე სესხი მზის ბატარეებით მცირე ელექტროსადგურის ასაწყობად. გამომუშავებულ ელექტროენერგიას ან თავად ის საცხოვრებელი უბანი გამოიყენებდა და მოსახლეების მიერ გადახდილი ელ.ენერგიის საფასური კრედიტის დაფარვას მოხმარდებოდა, ნარჩენი ელექტრო ენერგიის გაყიდვას კი მოსახლეები მეზობელ სახლებში შეძლებდნენ. ასეთი პროექტები უფრო ემსახურება ადგილობრივი თემების გაძლიერებას, თანასწორობასა და მრავალრიცხოვანი მოსახლეობისთვის თუნდაც მცირე, მაგრამ შემოსავლებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. გარემოზე ზემოქმედების მომხდენ პროექტთა წამოწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ხალხის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს გაეროც. გაეროს გენერალური მდივნის აპარატის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში “6 გარემოსადმი მეგობრული ქმედება კორონა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად/Six Climate-Positive Actions to help rebuild economies from COVID-19 Pandemic” პირდაპირ წერია, რომ არავინ უნდა დავტოვოთ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მიღმა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეები, განსაკუთრებით კი ქალები.

სალომე წერეთელი

საქართველოში ჰესების მშენებლობა ენერგოუსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს. თუმცა ნამახვანჰესის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესის შელახვას, არამედ ადამიანების უფლებების დარღვევასაც. გაფორმებულ კონტრაქტში კომპანიას არანაირი ვალდებულება არ ეკისრება ბუნებაზე მიყენებულ ზიანზე, არც ენერგიის შიდა ბაზარზე რეალიზებაზე. უფრო მეტიც, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოითხოვს ანაზღაურდეს შესაძლო ზარალი. ნამახვანჰესი ასეთი პირობებით არ უნდა აშენდეს.

ქრისტინე ჩიხლაძე

პირველ რიგში, ნამოხვან ჰესის მშენებლობა უდიდეს გავლენას ახდენს ადგილობრივ ბუნებაზე, კლიმატზე, ეკოსისტემაზე. იტბორება უდიდესი ტერიტორია, რის გამოც ხალხი იძულებულია დატოვოს თავიანთი სახლები, წყლის ქვეშ მოაქციოს თავიანთი წარსული და მოგონებები. მაშინ როდესაც, აღნიშნული ჰესი უამრავი წესის დარღვევით შენდება, ასევე, არ არის სათანადოდ შესწავლილი ეკოლოგიური, გეოლოგიური, სეისმოლოგიური რისკები და არც ენერგოდამოუკიდებლობის გარანტიაა, რთულია მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, მოსახლეობის მხრიდან დათმობაზე წასვლა და დანებება. ამ შემთხვევაში, რისკები და საფრთხე, დანაკარგი უფრო მეტი იქნება ვიდრე სარგებელი, რომელსაც ნამოხვან ჰესი მოგვცემს. 

მარიამ მორჩაძე

ქართველ საზოგადოებას მუდმივად უწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ქვეყნისთვის საზიანო პროექტების განხორციელებას. ფიქრი, გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები, ძალიან კარგია. თუმცა, ამის აღსრულების მცდელობით ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის საფრთხის წინაშე დაყენება – ძალიან არასწორი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ცივილიზებული სივრცის ნაწილი – ამის შესაბამისადაც უნდა ვიქცეოდეთ. ნამახვანჰესი არსებითი მნიშვნელობის კვლევებისა და დოკუმენტაციების გარეშე არ უნდა შენდებოდეს და გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

ელენე კობაიძე

ჩვენ გვესმის მთავრობის მისწრაფება და მცდელობები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ენერგორესურსების გამოყენებით, მაგრამ ვექტორი უნდა იყოს მიმართული ჰიდროენერგეტიკული პროექტების გონივრულ დაგეგმვასა და მოსალოდნელი რისკების სწორად შეფასებაზე. რისკები, რომლებიც სამწუხაროდ მთლიანად უგულებელყოფილია. ჰიდროელექტროსადგური შენდება მრავალი წესის დარღვევით. ასევე, სათანადოდ არ არის შესწავლილი ეკოლოგიური, გეოლოგიური, სეისმური რისკები. საფრთხე ემუქრება დამატებით კიდევ ორ სოფელს, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჯამში 297 კომლის გადასახლებას გამოიწვევს. ასევე, ისტორიულ ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის მაცხოვრებლები და ასევე ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზემოაღნიშნული პროექტი გავლენას მოახდენს ღვინის წარმოებაზე და ადგილობრივი მიკროკლიმატის ზონებში ვენახებზე, სადაც ცოლიკაურისა და უსახელაურის ჯიშის ყურძენი იზრდება. ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ფიქრი მნიშვნელოვანია თუმცა, ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია.

პატივისცემით,

საქართველოს სტუდენტები

დეა მაღალაშვილი

თათია ფარადაშვილი

დავით ბიბილეიშვილი

ელიზბარ ტვილდიანი

ესმა გუმბერიძე
სალომე წერეთელი

ქრისტინე ჩიხლაძე

მარიამ მორჩაძე

ელენე კობაიძე

იოსებ ძამუკაშვილი

ქეთი მურღულია

მიშო ხუცურაული

მარიამ თოფჩიშვილი

ნატა ჯაფიაშვილი

ნანიკო წიქარიძე

მარიამ მენაბდე

გიორგი ელიოზაშვილი

ანა ტაბუაშვილი

მარიამ ბიწაძე

ეთო გლურჯიძე

მარიამ გუგულაშვილი

მირანდა ბეჭვაია

ნიკა გოგატიშვილი

თორნიკე კაკალაშვილი

სოსო ჩაჩანიძე

თაკო გელაშვილი

დარია გასანოვა

ანასტასია გულედანი

მარიამ ქებაძე

ირაკლი გაბიძაშვილი

ნინი ქუთათელაძე

ბექა მარგიანი

ნინი ბოჭოიძე

ლაშა მელაძე

და ჩვენ ერთად ძლიერები ვართ ! 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *