„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი

ჩვენი სამყარო, დროება და ისტორია ისე იცვლება, როგორც არასდროს. მსოფლიომ არასტაბილურობისა და ტრანსფორმაციის ახალ ფაზაში შეაბიჯა. სიტუაცია უპრეცედენტოდ სწრაფად იცვლება. სულ უფრო იზრდება უნილატერალიზმიდან, ჰეგემონიზმიდან, ძალისმიერი პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეები. გახშირდა ლოკალური კონფლიქტები და არეულობები. პანდემიის ბურუსი ბოლომდე არ გაფანტულა. სხვადასხვა სახის ტრადიციულ და არატრადიციულ საფრთხეებს ბოლო არ უჩანს. მშვიდობა და განვითარება, რაც ჩვენი ეპოქის ლეიტმოტივად იქცა, დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშეა.

უკრაინის კრიზისმა გლობალურ უსაფრთხოებას დიდი დარტყმა მიაყენა. როგორი უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს? როგორ შეძლებენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფას? ეს საკითხები თითოეული ადამიანის საზრუნავად იქცა. ამაზე ჩინეთს გამოკვეთილი პოზიცია აქვს. 2022 წლის აპრილში პრეზიდენტი სი ძინფინგი „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით“ გამოვიდა.  ეს არის საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის გრძელვადიანი მიზანი უსაფრთხო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაა. ეს არის უსაფრთხოების ახლებური გზა, რომელიც დაპირისპირების, ალიანსის და ნულოვანი ჯამის თამაშის საპირისპიროდ – დიალოგს, პარტნიორობასა და საერთო სარგებელს გვთავაზობს. ეს ინიციატივა „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციის ძირითად არსს გამოხატავს. ინიცირებიდან მალევე მას საერთაშორისო საზოგადოებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ დრომდე ოთხმოცზე მეტმა ქვეყანამ და რეგიონულმა ორგანიზაციამ გამოხატა მის მიმართ მხარდაჭერა.

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფციაა. იგი მხარს უჭერს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყნების ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინებას, კონფლიქტებისა და დავების დიალოგითა და კონსულტაციებით, მშვიდობიანი გზით გადაჭრას,  ტრადიციული და არატრადიციული სფეროების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპლექსურ დაგეგმარებას. „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ ეფუძნება ჩინური კულტურის ბრწყინვალე ტრადიციებს, რომლის თანახმად მშვიდობა ყველაზე ძვირფასი რამაა. ეს ინიციატივა ჩინეთის მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკიდან და პრაქტიკიდან იღებს ფესვებს. ჩინეთს, როგორც პასუხისმგებელ დიდ სახელმწიფოს, მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის და საერთო სარგებლის დროშა ოდითგან აღუმართავს. იგი დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს და გლობალური უსაფრთხოებისთვის ღვაწლს არ იშურებს. 

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფცია“, რომელიც ერთგვარი „ინსტრუქციაა“, რათა დაინტერესებულმა ქვეყნებმა უკეთ გაიგონ ინიციატივის შინაარსი და დეტალურად გაეცნონ მას. დოკუმენტში წარმოდგენილია თანამშრომლობის 20 ძირითადი მიმართულება, რომლებიც შემდეგნაირად შეგვიძლია შევაჯამოთ: უსაფრთხოების საკითხებში გაეროს ცენტრალური როლის მხარდაჭერა, დიდ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციისა და ჯანსაღი ურთიერთქმედების ხელშეწყობა, მწვავე საკითხების დიალოგისა და მშვიდობის გზით გადაწყვეტა, ტრადიციული და არატრადიციული უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური საპასუხო ზომების მიღება, გლობალური უსაფრთხოების მართვის სისტემის და შესაძლებლობების მუდმივად გაძლიერება.

უკრაინის კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, ჩინეთი მისდევს საკითხის არსს და მკაცრად იცავს ობიექტურობასა და სამართლიანობას. კონფლიქტის დაწყების მეორე დღესვე პრეზიდენტი სი ძინფინგი დავის დიალოგის გზით გადაწყვეტის წინადადებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტებსა და ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ, რომ რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზა არ არსებობს და რომ, დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება აუცილებელია. უკრაინაში კრიზისის დაწყების ერთი წლის თავზე, ჩინურმა მხარემ გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით – „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე“ (https://www.mfa.gov.cn/eng/zxxx_662805/202302/t20230224_11030713.html). ეს არის უკრაინაში კრიზისის მოგვარების ჩინური პროექტი. დოკუმენტი მოიცავს 12 პუნქტს. მათ შორისაა: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა, ცივი ომის მენტალიტეტის უკუგდება, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება, ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების დაცვა, სტრატეგიული რისკების შემცირება, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ბირთვული ომის წარმოების დაუშვებლობა და სხვ. ჩინეთი ყოველთვის მშვიდობისა და დიალოგის მხარესაა და როგორც „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ უერთგულესი აღმსრულებელი აქტიურად უწყობს ხელს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. 

მეორეს მხრივ, ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. აშშ უკრაინის ბრძოლის ველზე იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლის პოზიციას იმკვიდრებს, ხოლო მისი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ომიდან დიდ ფულს შოულობს. სამწუხაროდ, ევროპული ქვეყნებიც, რომლებიც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ კონფლიქტურ ზონებს იარაღს არ მიაწვდიდნენ, დანაპირებს არღვევენ და უკრაინას იარაღს აძლევენ. ყველასთვის აშკარაა, ვინ მოუწოდებს დიალოგისკენ და ესწრაფვის მშვიდობას და ვინ აღვივებს ცეცხლს და უბიძგებს დაპირისპირებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ზოგიერთ ქვეყანას, სერიოზულად დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებაზე და მეტი გააკეთონ ვითარების დეესკალაციისთვის და სამშვიდობო მოლაპარაკებების სტიმულირებისთვის.

ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს გარეშე ვერ განვითარდება. თავის მხრივ, ჩინეთის უსაფრთხოების გარეშე მსოფლიო უსაფრთხოება ვერ იქნება. დღეს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩვენი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ გზით „ჩინელი ერის დიადი აღორძინების“ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება ზეწოლისა და შეკავების გზით რომელიმე ქვეყნის „აბსოლუტურ უსაფრთხოებას“, მით უმეტეს კი დავების პროვოცირებით ომების გაჩაღებას. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ჰეგემონიზმის და ძალისმიერი პოლიტიკის ყველანაირ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს და ბანაკებად დაპირისპირებას, გარე ძალების მიერ ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას და მტკიცედ ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, განვითარების ინტერესებს, საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას.

ჩემი ყურადღება მიიქცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ალტერნატივა და სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით მიაღწია საქართველომ თვალსაჩინო შედეგებს. საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მონაწილეობს ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. საქართველოს განცხადებები ემთხვევა ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას მსოფლიოში მშვიდობის დაცვის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყნების ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინების, კონფლიქტებისა და დავების დიალოგითა და კონსულტაციებით, მშვიდობიანი გზით გადაჭრის თაობაზე.

მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა, რათა განვითარდეს. განვითარება მშვიდობის გარეშე იგივეა, რაც მდინარე, რომელსაც არ აქვს სათავე; კეთილდღეობა უსაფრთხოების გარეშე კი იგივეა, რაც  უფესვებო ხე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან და სხვა მშვიდობისმოყვარე განვითარებად სახელმწიფოებთან ერთად „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით“ განსაზღვრულ კურსს გავუყვებით და ერთმანეთთან თანადგომითა და თანამშრომლობით დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას და მსოფლიოში მშვიდობის დაცვას ხელს შევუწყობთ. მთელი გულით ვუსურვებ ჩინელ და ქართველ ხალხს მარადიულ მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *