გენადი არველაძე: „კორეული კომპანიები ქართული პროდუქციის იმპორტით აქტიურად ინ
საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ კომპანიებს მასპინძლობს- ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელსაც ქართული მხრიდან 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში ქართულ და კორეულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში კიმ სი-ვუნგმა და კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავჯდომარემ ჰონ გკვან-ჰიმ. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.
„ეს არის პირველი ვიზიტი, რომელიც ემსახურება სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას და ახალი ბიზნეს კონტაქტების ჩამოყალიბებას. კორეული კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილია ფორუმზე, დაინტერესებულნი არიან ისეთი ქართული პროდუქციის იმპორტით, როგორიც არის ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, თხილი, წვენები, ბოსტნეულის ნაწარმი.კორეული კომპანიები ასევე ინტერესდებიან სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქტითაც. ვფიქრობ, რომ ფორუმის ფარგლებში, ბიზნესებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში“ – განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გენადი არველაძემ.
ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციას (KOIMA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.