ვახტანგ მახარობლიშვილმა რუმინელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა
ვახტანგ მახარობლიშვილმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით რუმინელ ხალხს, მთავრობასა და რუმინეთის ელჩს საქართველოში ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და აღნიშნა, რომ ისინი ეფუძნება როგორც ურთიერთპატივისცემას, ისე მჭიდრო ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, რომ 2019 წელს აქვს სიმბოლური დატვირთვა საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობაში, ვინაიდან წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფორმირების 300 წლის იუბილე.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და რუმინეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში და აღნიშნა, რომ რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი ამ კუთხით.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინეთის მნიშვნელოვან როლს.
ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში ავიღოთ ვალდებულება და ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.“ – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.