ილია ნაკაშიძე თურქ და ჩინელ მედიკოსებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ დღეს თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართული წარმოშობის ექიმთა დელეგაციასთან და ასევე ჩინელ მედიკოსებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თურქეთში მცხოვრები „ჩვენებურების“ – ქართული წარმოშობის ექიმთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან მედიცინის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები – მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული ექიმები.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბევრ მათგანს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან, იქნება ეს მოქალაქეთა მკურნალობა თუ სხვადასხვა პროექტების განხორციელება, თუმცა, მათი სურვილია თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რომ გარკვეული წვლილი შეიტანონ საქართველოს განვითარებაში.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ქართული წარმოშობის მედიცინის პროფესორებთან, რომელთაგანაც ბევრი თურქეთის გარდა, უკვე საქართველოშიც აქტიურად მოღვაწეობს და ქართველ კოლეგებთან აქტიური კავშირები აქვთ. შეხვედრა, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს გაიზარდა პაციენტების ნაკადი თურქეთში, ეს პროცესი კი გარკვეულ რეგულაციას საჭიროებს“, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ჩინელ პროფესორებთან, რომელთაც აქვთ ინოვაციური წინადადება ტრავმატოლოგიურ ორთოპედიაში.
სტუმრების შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარგი პირობებია აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის განსავითარებლად და მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნაკაიძე, გიორგი კოპაძე, ლევან ბეჟანიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე.