თბილისში გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი

2020 წლის 11 იანვარს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სათავო ოფისში, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეების ქ. #43, გაიმართა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან პირველად ჩამობრძანდნენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები: ბატონი უ ნი – ჩინეთის განათლების მეცნიერებების აკადემიის განათლების განვითარების და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ – განათლების განვითარებისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი და სხვა სტუმრები. ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ: ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი ქანგ ჭენგ, დირექტორი ქალბატონი ელი ელისაშვილი, ბატონი უ ნი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ინსტიტუტის დირექტორის ელი ელისაშვილის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ჩინეთში, ხოლო მეორე გამოცემა შესრულდება საქართველოში.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაარსებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ. აღნიშნული ჯგუფის ქოლგის ქვეშ ჩინეთში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლებელი. ინსტიტუტი ემსახურება ჩინური ენის სწავლებას, იმ მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას და პირიქით. აგრეთვე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ინსტიტუტი არის საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი ამ ტიპის კერძო სასწავლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორი განათლების სფეროში, ამჟამად განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს, სამომავლოდ იგეგმება ინვესტირება პროფესიული განათლების სფეროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *