საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის კელი დეგნანისაგან რწმუნებათა სიგელების ასლები ჩაიბარა

თბილისი-ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრმა წარმატებები უსურვა კელი დეგნანს ელჩის რანგში და მასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრაზე განხილულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დონე უმაღლეს ნიშნულზეა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განხილულ იქნა ის კონკრეტული ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.

მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა და აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და აღინიშნა, რომ ქართული მხარის კონსტრუქციული მიდგომის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის ქმედებები ხელს არ უწყობს აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევას.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და საქართველოს კონტრიბუციას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

ელჩმა კელი დეგნანმა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *