აგარაში წარმოების განახლებით ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ, – ნათია თურნავა
აგარაში წარმოების განახლებით ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ, – ნათია თურნავა
ჩვენ დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი რესურსით და მხოლოდ ერთი წარმოების მუშაობის განახლებით, თითქმის ნახევრამდე, 50%-ით საკუთარი რესურსით უზრუნველვყოთ ადგილობრივ ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ საბჭოზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ერთი კონკრეტული მაგალითია ადგილობრივი ბიზნესისა და წარმოების აღორძინების.
„ეს არის აგარის შაქრის კომბინატის ამუშავება. ჩვენ ვიმუშავეთ ინვესტორებთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მზად ვართ უკვე დავიწყოთ განახლება და იმაზე მუშაობა, რომ ორიოდე თვეში ქარხანა ჩადგეს მწყობში. ყველაფერთან ერთად ეს ნიშნავს 500-ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას იმიტომ, რომ ეს ადამიანები დასაქმდებიან და 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს აქედან შემოსავლებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ადგილზე ესტუმრება საწარმოს და გაეცნობა სამუშაო პროცესს.
***
ნათია თურნავა სოლიდარობის აქტს გამოეხმაურა: „ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ახალ ინიციატივას, სოლიდარობის აქტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ხელფასის 1/3-ს სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ. ინიციატივის მიზანი კორონავირუსის გამო დაზარალებული მოქალაქეების დახმარებაა.
ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივას კერძო სექტორი და საზოგადოება შეუერთდება.
„მინდა ვთქვა, რომ დღესდღეობით, როდესაც ჩვენ ვდგავართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ასობით ადამიანი უკვე კარგავს შემოსავლებს, ათასობით ადამიანმა შესაძლოა, დროებით დაკარგოს შემოსავალი, ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან – ასე გამოვხატავთ სოლიდარობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ინიციატივას სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდება, სხვებიც შემოგვიერთდებიან – კერძო სექტორი, საზოგადოება და ყველა ერთად დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის და ეკონომიკური კრიზისი გამო გასაჭირი დაუდგება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
***
ნათია თურნავა – პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალ ამოცანებზე გადაეწყობა
„ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარება იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა კრიტიკულად აუცილებელი პროდუქტებით. ყველგან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსით უნდა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეობის სტიმულირების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საკრედიტო – საგარანტიო მექანიზმზე. „წინა პერიოდში აღნიშნული მექანიზმი არ იყო მაინცდამაინც მოთხოვნადი და ეს გასაგებიც იყო, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით ვითარდებოდა. ჯანსაღი ბიზნესებისთვის ბანკიდან სესხის მოზიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამდენად, საკრედიტო საგარანტიო სქემა, როგორც თანაუზრუნველყოფის მექანიზმი არ იყო აქტუალური. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროსაა ასეთი ტიპის მექანიზმები უფრო აქტუალური, როდესაც სახელმწიფო გვერდში უდგება ბიზნესს, რათა მან შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს ფინანსების მოზიდვა. ამდენად, ახლა ამ მექანიზმის გაფართოება ძალიან დროულია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმის გაფართოება დაგვეხმარება, რომ გადავარჩინოთ ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი. მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმის განვითარების ფორმას ბიზნესი უახლოეს დღეებში გაეცნობა.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით უკვე ცნობილი მექანიზმებით. ეს არ იქნება მხოლოდ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, არ იქნება მხოლოდ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი რომ დავაკმაყოფილოთ და როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტი მაქსიმალურად გავაფართოოთ და მხარი დავუჭიროთ,“ – განაცხადა მინისტრმა.