EBRD და საქართველოს ბანკი აძლიერებენ კერძო სექტორის დაკრედიტებას
- EBRD საქართველოს ბანკს 100 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის სესხს გამოუყოფს
- აქცენტი კეთდება კორონავირუსული პანდემიის შემდეგ კერძო სექტორის მხარდაჭერაზე
- დაფინანსება მიმართულია ადგილობრივი ეკონომიკის გამძლეობის მხარდასაჭერად
კოროვირუსული პანდემიის ეკონომიკური გავლენის საპასუხოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ადგილობრივ კერძო ბიზნესებზე გასესხების მიზნით, საქართველოს ბანკს (BoG) 100 მილიონ აშშ დოლარამდე სესხით უზრუნველყოფს.
საქართველოს ბანკი უფრო გრძელვადიანი სესხებით უზრუნველყოფს ფირმებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს.
ამ კომპანიების მხარდაჭერა ახლა EBRD-თვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია .
საქართველოს ბანკი საქართველოში თითქმის 30 წლის განმავლობაში აფინანსებს ბიზნესის ყველა სექტორს. ბანკი, მისი დედობილი კომპანიის – PLC საქართველოს ბანკის ჯგუფის მეშვეობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.
EBRD, კორონა ვირუსის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისა და აღდგენის მხარდასაჭერად, ძალისხმევას აძლიერებს. 2020-21 წლებში ბანკი აპირებს 21 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა აღმოუჩინოს 38 ეკონომიკას, სადაც ის ამჟამად ინვესტირებას ახორციელებს. დახმარება მოიცავს „გამძლეობის ჩარჩოს“, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას არსებული კლიენტების მოკლევადიანი ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა – კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა: „საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და კარგად არის მომზადებული იმისათვის, რომ EBRD-ის თანხები გასცეს კომპანიებზე, რომლებიც განიცდიან არასტაბილურობის ამ უპრეცედენტო პერიოდის გავლენას. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და უწყვეტი დაკრედიტების უზრუნველყოფა არსებითია ეკონომიკის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“.
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ EBRD აგრძელებს საქართველოს ბანკის მძლავრ და საიმედო პარტნიორობას, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისა და კორპორაციული კლიენტებისთვის უზრუნველყოფს დაფინანსებას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ვალუტაში. 2020 წელს ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა EBRD-თან, რაც დაგვეხმარება გამოწვევების გადალახვაში, რათა, გლობალური პანდემიის და მიმდინარე ეკონომიკური ვარდნის პერიოდში, ჩვენს კლიენტებს დავეხმაროთ. ამ ტიპის გრძელვადიანი დაკრედიტების რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმისათვის, რომ კრიზისის დროს განვაგრძოთ ჩვენი ბიზნეს კლიენტებისთვის ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტების შეთავაზება. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის საიმედო მხარდაჭერისთვის და სიამოვნებით ველი მომავალში EBRD-თან კიდევ ბევრ წარმატებულ საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობას“.
EBRD-ი არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. ქვეყანაში მისი საქმიანობის დაწყებიდან ბანკმა 3,8 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 251 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 86 პროცენტი კი კერძო სექტორში განხორციელდა.