„არც „ქოცი“, არც „ნაცი“, გადახაზეთ ორივე და დააწერეთ იმ პარტიის ნომერი და სახელი, რომელსაც რეალურად მიეცით ხმა არჩევნებში“ – გიორგი შერვაშიძე მხარდამჭერებს მიმართავს

 „მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, არ წავიდნენ არჩევნებზე და თუ მაინც გადაწყვეტენ, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი, გადახაზონ ბიულეტენი და მიაწერონ იმ პარტიის ნომერი და სახელი, რომელსაც რეალურად მისცეს ხმა არჩევნების პირველ ტურში“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ ექვსი პოლიტიკური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე  განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ფორმით პარტიის წევრები და მათი მომხრეები არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ და პირველი ტურის შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

„ჩვენ მხარდამჭერებს ვთხოვთ, არ შემოხაზონ არც „ქოცი“, არც „ნაცი“, გადახაზონ ორივე,  დააწერონ პარტიის ნომერი და სახელი, რომელსაც ხმა მისცეს  და ამით კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გაერთიანების კარი ღიაა ახალი  პარტიებისთვის, ახალი სახეებისთვის. გვინდა,  მაქსიმალურად ბევრი პოლიტიკური ძალა იყოს მობილიზებული და შეიქმნას რეალურად ჯანსაღი ოპოზიცია“ – აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ცენტრალურ ოფისში ექვსი პარტიის (ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა, რეფორმატორები, შეცვალე საქართველო, ზვიადის გზა, მომავალი საქართველო, სოციალური სამართლიანობისთვის) ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. პარტიები ერთიანი კონსტრუქციული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაზე და ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. პარტიების ლიდერების თქმით, ისინი გაერთიანებაში სხვა ახალ პარტიებსაც ელოდებიან. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *