კომპანია „echolize” მცირე ბიზნესს დახმარებას სთავაზობს

კომპანია „echolize”  მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს: კომპანია „echolize” -ს  თანადამფუძნებელი ლადი გაბუნია. ეს არის ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია.თუ როგორია კომპანიის საქმიანობა, რა გამოწვევების წინაშე დგას  და რას აპირებს მომავალში, ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა რადიოგადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალი თაობის ბიზნესი“ კომპანია „echolize” -ს  თანადამფუძნებელმა ლადი გაბუნიამ.

კომპანია 2017 წელს დააარსა თავის მეგობარ გიორგი თუშურაშვილთან ერთად. იდეის გაჩენისთანავე, ჩაატარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში მარკეტინგის ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია, მხოლოდ არ არსებობდა ეს სპეციფიური რგოლი. გამოცდილება საზღვარგარეთ ჰქონდათ მიღებული, გადაწყვიტეს ამ რგოლის შევსება და ამ მიმართულებით მარკეტინგული ინდუსტრიის გაძლიერება.როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ბატონი ლადი განმარტავს, ინფლუენსერი სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანია, რომელსაც ჰყავს დიდი რაოდენობის მიმდევარი და აქვს გავლენა მიმდევრების განწყობების და ქცევის ცვლილებაზე, სჯერათ და ენდობიან მას. ინფლუენსერ მარკეტინგი არის დაგეგმილი და სწორად ჩამოყალიბებული სტრატეგია სოციალურ ქსელებში, სადაც ბრენდი ინფლუენსერის მეშვეობით ხდის პროდუქტს ცნობადს და სტიმულირებას უკეთებს გაყიდვების ზრდას. მოკლედ, მათ მიერ შექმნილ ვებგვერდზე www.echolize.com  ნებისმიერ ბრენდს შეუძლია დარეგისტრირდესდა მათი ჩართულობის გარეშე დაეკონტაქტოს ინფლუენსერს, გაეცნოს ყველანაირ ინფორმაციას. ასევე შეუძლია გაწეროს რა მიმართულების კამპანია უნდა და გარკვეული ბარტერის ან საფასურის სანაცვლოდ ინფლუენსერი გაუპიარებს. პლატფორმის თვიურიგადასახადი 100 ლარიდან სამას ლარამდეა. დღეს, კომპანიაში 17 ადამიანია დასაქმებული. ყავთ  გარკვეული გუნდი, რომელიც მუშაობს იდეებზე, რომ თავად შესთავაზონ დიდ ბრენდებს.

კითხვაზე, თუ რა თანხა იყო საჭირო ამ ბიზნესის წამოსაწყებად, კომპანიის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირდაპირი ხარჯები იყო მხოლოდ ოფისის ხარჯები და მათი ენერგია და დრო. პირველი ერთი წელი თავიანთი სახსრებით მუშაობდნენ, შემდეგ მოიფიქრეს პლატფორმის და ავტომატიზაციის გაკეთება, რაშიც დაეხმარათ ჯიტას და მსოფლიო ბანკის გრანტი ასი ათასი ლარის ოდენობით, რითაც გააკეთეს პროტოტიპი. პროტოტიპის გაკეთების შემდეგ ამ ბიზნესში ინვესტორმა ისრაელიდან 650 ათასი ლარი ჩადო, 650 ათასი ლარი კი მსოფლიო ბანკმა და ჯიტამ.

კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია გრანტის მიღება დღეს, ბატონი ლადი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ძალიან კარგი გრანტების პროგრამა აქვს. თუ  გაქვთ განსაკუთრებული იდეა, სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ გრანტის მოგებაც, მთავარია, ბიზნესგეგმის სწორად დაწერაიცოდე.

რაც შეეხება ინფლუენსერის მომსახურების ღირებულებას, კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ეს თავიდან ბოლომდე მასზეა დამოკიდებული. რამდენად შედეგიანია მისი გამოჩენა ამ ბრენდთან. არსებობს სამი ტიპის ინფლუენსერი:ინფლუენსერი, რომელსაც 200-300 ათასი მიმდევარი ყავს,  მაკრო ინფლუენსერი, რომელსაც 10-50 ათასამდე მიმდევარი ყავს და მიკრო ინფლუენსერი, რომელსაც 5 -10 ათასამდე მიმდევარი ყავს. უბრალოდ ფულის სანაცვლოდ რეკლამის გაკეთება არ არის მომგებიანი, თუ ის არ ჯდება ინფლუენსერის ხასიათში და გემოვნებაში. „თუ ჩვენ ვემსახურებით როგორც სააგენტო, ჩვენი მომსახურების ქვედა ზღვარი დაახლოებით 2000 დოლარი ჯდება. ბრენდს ვპირდებით კონკრეტულ მომსახურებას. აღნიშნული პლატფორმა იმითაა ეფექტური, რომ გარდა იმისა რომ პოულობთ ინფლუენსერს, პლატფორმაზევე აკეთებთ ყველაფერს, სანამ არ დამთავრდება კამპანია.  და ამას ლაივ რეჟიმში ნახულობთ.

კითხვაზე, თუ რამდენად იყენებენ დღეს ამ პლატფორმას და როგორია კომპანიის ჩართულობა ამ პროცესში, ბატონი ლადი ამბობს, რომ საქართველოში ჯერჯერობით უჭირთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომ თავად გააკეთონ ყველაფერი, უნდათ რომ კომპანია დაეხმაროს ამ პროცესის მართვაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში დღემდე ვერტიკალური მენეჯერია, ანუ თანამშრომელს რომც უნდოდეს, უფროსთან შეთანხმების გარეშე ვერ წყვეტს საკითხს. უცხოეთში კი ამ მხრივ იდეალური მდგომარეობაა – იქ თანამშრომელს საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება აქვს.

რაც შეეხება პანდემიის გავლენას, კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ როდესაც პანდემია დაიწყო, მათთაც შეუჩერდათ შეკვეთები, ამიტომ გადაწყვიტეს  სოციალური პროექტის გაკეთება, კერძოდ, გაეკეთებინათ პორტალი, სადაც ქართული ბიზნესები რესტორნები და სასტუმროები დარეგისტრირდებოდნენ, სადაც შეეძლოთ, წინასწარ გაეყიდათ ვაუჩერები, რათა შემოსავალი ჰქონოდათ, თანამშრომლები არ დაეთხოვათ, და არ გაჩერებულიყვნენ და როცა გაიხსნებოდნენ,  მაშინ გაენაღდებინათ  ეს ვაუჩერები. საქართველოს ბანკის  და „ლივინგსტოუნი“ – ის  დახმარებით შეიქმნა  პლატფორმა
„არ გაჩერდე. ge”, სადაც 90-მდე კომპანია დარეგისტრირდა და 160 ათასი ლარი შევიდა კომპანიებში წინასწარი გაყიდვებით. დღესაც მუშაობს ეს პორტალი.

კითხვაზე, რას აპირებს კომპანია სამომავლოდ, ბატონი ლადი აცხადებს, რომ მათი მიზანია, მოწინავეები გახდნენ მსოფლიოს ქვეყნებში. ამიტომ წინ დიდი მუშაობა და ძალისხმევა ელით და შესაბამისად ბევრი კადრის აყვანაც დასჭირდებათ. პირველ ეტაპზე აპირებენ უკრაინაში და ისრაელში გასვლას. ასევე აპირებენ, აპლიკაციის შექმნასაც.

ასევე, კომპანია პანდემიის პერიოდში მცირე ბიზნესის დახმარების პროგრამას იწყებს. კერძოდ, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ მხოლოდ 300 ლარად განათავსონ აქტივობები კომპანიის ვებგვერდზე www.echolize.com და ინფლუენსერი გააკეთებს მათი პროდუქტის რეკლამირებას ბარტერის ან პროდუქტის სანაცვლოდ.

https://www.facebook.com/watch/live/?v=429956404675172&ref=watch_permalink

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *