ნათია თურნავა სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ გაფრთხილება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ყველა სასტუმროს წერილობითაც დაეგზავნა.

„მოდის ახალი წელი. ბუნებრივია,  ამისთვის ემზადება ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც – იქ, სადაც შეზღუდვები არ გავრცელდა. მაგრამ ყველას შევახსენებ, ეს განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ეს არის „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის #322 დადგენილება“, რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

აქედან გამომდინარე, ნათია თურნავა ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ახალი წლის პერიოდში სტუმრებს მიიღებს, შეახსენებს, რომ მათ მიერ მკაცრად უნდა იქნას დაცული არსებული შეზღუდვები. მინისტრის თქმით, ამ რეგულაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში ვირუსის გავრცელების კუთხით გამოკვეთილი დადებითი ტენდენციის ფონზე.

„ეს გაფრთხილება ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს და ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდონ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პანდემიის გამო განსაკუთრებულად დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მათი საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს იმის მიუხედავად, რამდენად დროულად გადაიხდიან თავიანთ წილ კონტრიბუციას. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შევიტანეთ კიდევ ერთი დაზუსტება, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროები და მათთან გვქონდა შეხვედრა,  მაგრამ ვაკეთებთ მთლიანად ტურისტული ინდუსტრიისთვის. კერძოდ, დღემდე ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება მათ ერიცხებოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც  საბრუნავი საშუალებები შეზღუდული აქვთ და ზოგს საერთოდ არ აქვს შემოსავალი. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით და სუბსიდია მათ ჩაერიცხებათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დროულად გადაიხადეს თანამონაწილეობის წილი,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *