საკუთარი ონლაინ მაღაზიის აწყობა თვეში 99 ლარად

Visa-ს და TBC-ის  მხარდაჭერით, პირველ ორას კომპანიას პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბითუსის ონლაინ მაღაზიის აწყობა სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ეს არის ონლაინ მაღაზიის ასაწყობი ელექტრონული პლატფორმაwww.b2c.ge. თუ როგორია კომპანიის საქმიანობა, რა გამოწვევების წინაშე დგას  და რას აპირებს მომავალში,ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა რადიო გადაცემაში „Kaspersky ̶ მომავალი თაობის ბიზნესი“ კომპანია„ბითუსი“-ს კორპორაციულმა მრჩეველმა ელ. კომერციის მიმართულებით ანა ნადირაძემ.

„ბითუსი“ არის ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მარტივად, დამოუკიდებლად და სწრაფად ააწყოს საკუთარი ონლაინ მაღაზია, შექმნას კატალოგები, შესთავაზოს მყიდველს პროდუქცია და აირჩიოს სასურველი გადახდის სისტემა. რაც შეეხება სახელს, მარტივი დასახელება ბითუსი შეარჩიეს, რაც გულისხმობს უმოკლეს გზას მომხმარებლამდე. კომპანიის მიზანია,  რომ ბიზნესსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაცია მაქსიმალურად გაამარტივოს. კომპანია „ბითუს“-მა ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო, მანამდე 2014 წლიდან კომპანია design.ge -ს სახელით არსებობდა და ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობდა, რომელიც 10 ათასი ლარიდან იწყებოდა.  ამის მეშვეობით დიდი გამოცდილება დააგროვეს.მუშაობის პერიოდში კარგად შეისწავლეს თუ   რა ბარიერები არსებობს საქართველოში ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით, მაგალითად, საქართველოში ონლაინ ვაჭრობაზე მოდის 1 პროცენტი, იგულისხმება საცალო ვაჭრობა, მაშინ როცა ევროპაში 16 პროცენტია. მთავარი ბარიერი ისაა,  რომ საკმაოდ ძვირი ჯდება  საკუთარი ონლაინ მაღაზიის ქონა და ამასთან ბევრი ტექნიკური ნიუანსი ახლავს, რომელიც მუდმივ განახლებას საჭიროებს. ამიტომ გადაწყვიტეს აღნიშნული კომპანიის შექმნა, რომ მსურველს ყოველგვარი ინვესტიციის ჩადების გარეშე მარტივად შეეძლოს ონლაინ მაღაზიის აწყობა  და კომპანიის მეშვეობით თანმდევი ტექნიკური ბარიერის მოგვარება. თავდაპირველად, ბითუსის წევრი  150 კომპანია იყო, დღეს კი უკვე 400 კომპანიაა. თავდაპირველად, კომპანიაში  8 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 42 ადამიანია.

თუ რა თანხა დაიხარჯა აღნიშნული ბიზნესისთვის, ქალბატონი ანა ამბობს, რომ თავდაპირველად, დამფუძნებლებმა ჩადეს გარკვეული ინვესტიცია და წელიწადნახევარი მიმდინარეობდა ბითუსის დეველოპმენტი, რადგან ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს. შემდეგ მიიღეს ჯიტას 100 000 ლარიანი დაფინანსება და საბოლოოდ, დაახლოებით ნახევარი მილიონი  ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კითხვაზე, რამდენად მარტივია აწყობის პროცესი და დამოუკიდებლად შეძლებს თუ არა ინდმეწარმე ონლაინ მაღაზიის აწყობას, ანა ნადირაძე განმარტავს, რომ  პლატფორმის გამოყენება ძალიან მარტივია, ვებგვერდზე განთავსებულია დამხმარე ვიდეოებიც და  რაც მთავარია,  ინსტრუქცია ქართულ ენაზეა. რეალურად, ბითუსის დანიშნულება ისაა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ყოველგვარი პროგრამული ცოდნის გარეშე დამოუკიდებლად ააწყოს საკუთარი ონლაინ მაღაზია. აქვეა დიზაინების ფართო არჩევანი და მომხმარებელს შეუძლია  ავტომატურად ცვალოს იგი.

თუ რა თანხაა საჭირო ონლაინ მაღაზიის ასაწყობად, ქალბატონი ანა ამბობს, რომ კომპანია  „ბითუსის შექმნის იდეა ის იყო, რომ ინვესტიციის გარეშე შეძლებოდათ ონლაინ მაღაზიის შექმნა, ამიტომ პირველი თვე უფასოა, შემდეგ იდება ხელშეკრულება და მომხმარებელი იხდის ყოველთვე 99 ლარს. თუმცა, მომხმარებელს  ნებისმიერ დროს შეუძლია პლატფორმიდან გასვლა. ეს გადასახადი მომხმარებელმა არ უნდა წარმოიდგინოს  როგორც ხარჯი, ეს არის ინვესტიცია, რომელიც უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს.

კითხვაზე, ონლაინ მაღაზიის აწყობის შემდეგ კომპანია ხელს უწყობს თუ არა მაღაზიის პროდუქციის გაპიარებას, კომპანიის კორპორაციული მრჩეველი აცხადებს, რომ ბითუსი მომხმარებელს ძირითადად ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს და მარკეტინგულ საკითხებში არ ერევა. „ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ბიზნესებს რომ დავაკავშიროთ მიწოდების სისტემასთან. მაღაზიის მეპატრონეს შეუძლია გაყიდოს პროდუქტი ინტერნეტ გვერდის მეშვეობით, რომელსაც კომპანია „ბითუსი“-სგან იჯარით აიღებს. www.b2c.ge-ზე შექმნილი მაღაზიით მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ იმ ფუნქციონალით, რომელიც ონლაინ ვაჭრობის ყველა სრულყოფილ პლატფორმას უნდა ჰქონდეს. ვთანამშრომლობთ რამდენიმე საკურიერო კომპანიასთან. როდესაც მომხმარებელი  პროდუქციას შეიძენს, ეს ინფორმაცია ავტომატურად მიდის საიტზე და მომხმარებელს არ უწევს ფოსტაში მისვლა და რიგებში დგომა, კურიერს მიაქვს მასთან. გადახდა ხდება ონლაინ ბარათის მეშვეობით“.

რაც შეეხება კომპანიის პროექტებში მონაწილეობას, ანა ნადირაძე აცხადებს, რომ წელს „ბითუსი“ ფაივ ჰანდრის სტარტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ეს დიდი მიღწევაა. აღნიშნული სტარტაპი  მსოფლიოში ტოპ სამეულში შედის აქსელერატორების კუთხით და საკმაოდ ღირებულიცოდნისა და გამოცდილების შეძენას უწყობს ხელს. ასევე, ეს უცხოური ინვესტიციებისთვის მეტი სანდოობის გარანტია. რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს აღნიშნული პროექტი. საბოლოოდ, ორი გამარჯვებული წავა სილიკონ ველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ინდივიდუალური შეხვედრები ექნებათ ინვესტორებთან. ასევე, კომპანია ნახევარი წელია თანამშრომლობს Usaid_ის პროექტ „ზრდასთან“, რომლის ფარგლებშიც 100 მეწარმეს ეხმარებიან  გაციფრულების პროცესში, ააწყონ ონლაინ სრულყოფილი მაღაზია და ონლაინ ივაჭრონ.  უკვე აქვთ რამდენიმე წარმატებული მაღაზია, რომელიც რეგიონებში ოპერირებენ. ეს პროექტი გულისმობს  რეგიონალური ბიზნესის დახმარებას.

ასევე საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელსაც ბითუსი visa-ს და TBC-ის მხარდაჭერით ახორციელებს, კერძოდ, პირველ ორას კომპანიას პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბითუსის ონლაინ მაღაზიის აწყობა სრულიად უფასოდ შეეძლება და ამასთან ერთად, სურვილის შემთხვევაში ისინი მიიღებენ სტუდია „კიკალა“-ს მიერ საკუთარი პროდუქციის 30 დამუშავებულ ფოტოს.

კითხვაზე, თუ რომელი სფეროს კომპანიები იყენებენ აქტიურად ბითუსის პლატფორმას, ანა ნადირაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით ტანსაცმლის, ტექნიკის და სათამაშოების ბიზნესი აქტიურობს.

პანდემიის პერიოდში თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა კომპანია, ანა ნადირაძე ამბობს, რომ მისი აზრით,არ არსებობს სფერო,  სადაც პანდემიამ გავლენა არ მოახდინა, გამონაკლისი არც ბითუსია, თუმცა მათ უფრო დადებითი კუთხით შეეხო. პირველ ლოქდაუნამდე კომპანიის პლატფორმაზე  150 კომპანია იყო დარეგისტრირებული, ახლა 450-მდეა. კომპანია მაქსიმალურად კარგად გაუმკლავდა გამოწვევებს.

კითხვაზე, ამართლებს თუ არა ონლაინ ვაჭრობა და არის თუ არა საზოგადოება ამისთვის მზად, კომპანიის მრჩეველი ამბობს, რომ ონლაინ ვაჭრობა დღეს საკმაოდ მოთხოვნადია და დიდმა ნაწილმა უკვე ამ მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. საზოგადოება ამ სიახლეს ნელ-ნელა ეჩვევა, თუმცა ამ კუთხით სამუშაო ბევრია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, როგორც ანა ნადირაძე ამბობს, მათ ორი მთავარი მიმართულება აქვთ, პირველი ეხება ადგილობრივ ბაზარზე განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ და მეორე  არის უცხოეთის ბაზარზე გასვლა. კომპანია მომხმარებელს უამრავ სიახლეს ჰპირდება, რასაც ეტაპობრივად წარუდგენს მას.

https://www.facebook.com/watch/live/?v=1336304796704856&ref=watch_permalink

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *