ნათია თურნავა – „აშშ – სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო“

ნათია თურნავა – „აშშ – სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო

აშშ – სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ “ქლინ ნეთვორქს“, რომელშიც გაერთიანებულია 60-ზე მეტი სახელმიწფო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ახლა საქართველოც გახდა ამ ოჯახის წევრი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

მინისტრის განმარტებით, ინიციატივა შეეხება ქვეყნებში 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას იმ კომპანიებთან და ტექნლოგიებთან დაკავშირებით, რომელიც შემოვა ქვეყანაში.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს ამ სფეროში უსაფრთხოებას, სანდო ინვესტორების შემოსვლას. ამ ინიციატივაზე მიერთებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო, მთავრობა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რომ საქართველოში განვითარდეს ინტერნეტიზაცია, ინტერნეტტექნოლოგიები, მათ შორის დაწყებული გვაქვს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ახალი სტარტაპები, ახალი ტექნოლოგიები იყოს მხარდაჭერილი და ახლა უკვე ამას გავაკეთებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ისე, რომ უსაფრთხოება და ხარისხიანი, სანდო ინვესტიციები იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის  საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ – ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *