საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.
21 იანვარს, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან. ელჩმა მინისტრს ბულგარელი კოლეგის მისალოცი წერილი გადასცა თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებით. საუბრის დასაწყისში, ბულგარელმა დიპლომატმა მინისტრს ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე საუბრისას, აღინიშნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა პოსტ-პანდემიურ პერიოდში. ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, შავი ზღვის პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, ერთობლივი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების აუცილებლობასაც.
გლობალური პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე საუბრისას, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა, ბულგარეთის მიერ პანდემიის პერიოდში გამოყოფილი სამედიცინო სახის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ბულგარეთთან თანამშრომლობის საკითხსაც. საუბრის დასასრულს, მინისტრმა ბულგარულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზაობა, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობის თაობაზე.