2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი
ნათია თურნავა – 2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი
2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზით, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ნეგატიური ზრდაზე გვაქვს საუბარი – ქვეყნის ეკონომიკა წინასწარი პროგნოზით შემცირდება დაახლოებით 6 პროცენტით, რაც საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, მაგრამ ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამასთან, უნდა ითქვას, რომ სექტემბერში და ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ გვქონდა გარკვეული სერიოზული, მე ვიტყოდი გაჯანსაღება, რომელიც სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი იყო, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ მეორე ტალღამ და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობამ როგორც ევროკავშირის, ასევე ჩვენი რეგიონის და საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა და საბოლოო ჯამში შედეგი არის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით და ეს ეპიდემიის ზეგავლენაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები, პრემიერ მინისტრის თაოსნობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს მიღებული იქნა პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა, რომელთა ეტაპობრივი შემსუბუქება და გადახედვა ეპიდემიოლოგებთან ერთად დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგის მიხედვითაც ახლა ხდება, იყო აბსოლუტურად ადეკვატური.
„თქვენ თავადაც ხედავთ, რომ ვითარება ეკონომიკაში არცთუ ისე სახარბიელო გვაქვს პანდემიიდან გამომდინარე. თუმცა, საერთაშორისო ტრენდებიდან, საერთაშორისო ექსპერტებისა და საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან გამომდინარე, 2021 წლის გლობალური ეკონომიკა მეტი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა და გამონაკლისი არც საქართველოა, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ეს ყველაფერი ვაქცინაციის მოლოდინის ფონზე უფრო დადებითი გახდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი განმარტებით, ყველანაირი წინაპირობაა, რომ 2021 წელი ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იყოს.
„ხედავთ, რომ უკვე პირველ გეგმებზე ვსაუბრობთ თუნდაც ტურიზმის ინდუსტრიაში, სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ინვესტორების შემოსაყვანად, ადგილობრივი ინვესტორების წასახალისებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღების და ზრდის წელი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საშუალოვადიან პერიოდში მსოფლიო ბანკი, საერთშორისო სავალუტო ფონდი, სხვა მეგობარი საერთშორისო ორგანიზაციები, ყველა თანხმდება პროგნოზში, რომ საქართველო კვლავაც შეინარჩუნებს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიციას 5%-ზე მეტი საშუალო ეკონომიკური ზრდით.
***
ნათია თურნავა – ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნაზე და არა – დახურვაზე
„ბოლო დროს დამაფიქრებელი ტენდენციებია – მათ შორისაა, ბიზნესიდან წამოსული გულწრფელი კრიტიკა, სადაც შეიძლება ბოლომდე არ იცოდნენ ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა, მაგრამ ასევე გვესმის ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არიან არეულობის მოსურნე და არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, უნდათ, რომ დარტყმა მიიტანონ ჩვენს გმირ ეპიდემიოლოგებზე, ჩვენს მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებზე, ვის მხრებზეც გადაიარა ამ პერიოდში ეპიდემიასთან ბრძოლამ. ეს არის ძალიან უსამართლობა და ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს ასეთი უსამართლო კრიტიკისგან და ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების დადანაშაულებისგან. მათი დამსახურებაა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნაზე და არა დახურვაზე,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
***
ნათია თურნავა: „ჩვენი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა რევოლუციებით და ამბოხებით უკან დავხიოთ ქვეყანა“
„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც მოიტანა მშვიდობა, ევოლუციური განვითარება და პროგრესი – ჩვენი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა რევოლუციებით და ამბოხებით ათეული წლებით უკან გადავაგდოთ ქვეყანა“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გეგმების შეფასებას ეხებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციაში არის ძალიან მკვეთრად გამოხატული, რადიკალური, დესტრუქციული დაჯგუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა.
„ეს გზა მათთვის არის იმედი, რომ მიეცემათ საშუალება, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რაც პანდემიით და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და დავუშვათ, მოუწოდონ მოქალაქეებს ამბოხისკენ, ქუჩის აქციების გზისკენ. ნებისმიერი რევოლუცია, ამბოხი, დესტაბილიზაცია ამ მძიმე ვითარებაში იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და არაერთხელ აღინიშნა მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ ამას, უბრალოდ, არ დავუშვებთ – მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჩვენი იმედი ამ ნაწილშიც, რომ მშვიდობიანი, ევოლუციური გზიდან არავითარი გადახვევა არ იქნება“ – განაცხადა ნათია თურნავამ
***
ნათია თურნავა: „2021 წელს ეკონომიკის აღდგენის გამწევი ძალა იქნება კერძო სექტორი და პრივატიზების დაჩქარება ძალიან ორგანულად ჯდება ამ გეგმაში“
„2021 წელს, რომელიც ჯერ კიდევ არსებული პანდემიისა და ეკონომიკის აღდგენის წელია, საბიუჯეტო მხარდაჭერა, ანტკრიზისული გეგმა, სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, კვლავაც ლოკომიტივი იქნება ეკონომიკისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ბიუჯეტი გადატვირთულია სოციალური ხარჯებით და პროგრამებით, აქცენტი მეტად გადავა კერძო სექტორის ინიციატივაზე – კერძო ინვესტორი გახდება მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ეკონომიკის აღდგენის და პრივატიზების დაჩქარება ძალიან კარგად და ორგანულად ჯდება ამ გეგმაში“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, 2021 წელს სრულად ვერ მოხდება ეკონომიკის აღდგენა კრიზისამდე არსებულ ვითარებამდე, ამიტომ მთავრობამ ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს იმისთვის, რომ კერძო სექტორი, ბიზნესი გამოცოცხლდეს, ადგილობრივმა და უცხოელმა ინვესტორმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.
„ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლეები და გეგმა, თუ რა შევთავაზებთ უახლოეს ერთ თვეში პოტენციურ ინვესტორებს, კერძო ბიზნესს პრივატიზების, წიაღის ათვისების, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის თვალსაზრისით. გუშინაც გვქონდა მსჯელობა პრემიერ მინისტრთან ამ თემებზე და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოვამზადებთ ძალიან დიდ პრეზენტაციას. როგორც თავის დროზე ძალიან კარგად იმუშავა ასი ქონების ბიზნესისთვის შეთავაზების პროგრამამ, ახლაც არაერთი ასეთი საინტერესო ინიციატივა გვექნება,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.