წინამორბედთა დაწყებული საქმის გაგრძელება და ჩინურ-ქართული თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლა
გასული 2020 წლის მანძილზე, ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების ტენდენცია შენარჩუნდა. ჩვენმა ქვეყნებმა ყველაფერი იღონეს ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად და სხვადასხვა სფეროში კვლავაც თვალსაჩინო შედეგებს მიაღწიეს.
სახელმწიფოს მეთაურებმა ერთმანეთს არა ერთხელ მიწერეს, რამაც ორმხრივი ურთიერთობები ჯანსაღი და სტაბილური განვითარებისკენ წარმართა; ორ ქვეყანას შორის ეპიდემიის საწინააღმდეგო თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს, ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილება ერთმანეთს გავუზიარეთ, ერთმანეთს მატერიალურად დავეხმარეთ და მორალურად მხარში დავუდექით; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ, გაიზარდა; უკვე ზედაზედ მესამე წელია, რაც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ჩინეთი არამარტო საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს, არამედ ქართული პროდუქციის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარიც გახდა; ჩინური კომპანიები საქართველოში წარმოებასა და მუშაობას არ წყვეტენ, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის პარალელურად, პროექტებს დაჩქარებულად ახორციელებენ, სანდო და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იჩენენ; ორმხრივი თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მუდმივად იზრდება, ჩინური ენის სწავლება ონლაინ რეჟიმში გრძელდება, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის იდეა უფრო მეტი ადამიანის გულს იპყრობს.
ცოტა ხნის წინ ქართველმა ხალხმა ახალი წლის დადგომა აღნიშნა, ჩინელი ხალხიც მალე ტრადიციულ დღესასწაულს – გაზაფხულის დღესასწაულს იზეიმებს. 2021 წელი – ხარის წელია. ეს აუცილებლად გულმოდგინედ მუშაობის, გაბედულად წინსვლისა და ხარისათვის დამახასიათებელი სიძლიერის წელი იქნება. წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 29 წლისთავიც არის. ჩინური მხარე ჩინურ-ქართული ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე განვითარებას მოლოდინით შეჰყურებს.
– ჩინური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან შეინარჩუნოს მაღალი დონის პოლიტიკური კავშირები, მუდმივად აითვისოს თანამშრომლობის პოტენციალი, გააფართოოს თანამშრომლობის დონე და არეალი, ხელი შეუწყოს უფრო შედეგიან საქმიან თანამშრომლობას, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ორი ქვეყნის მოსახლეობას.
– ჩინური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან ერთად ხელი შეუწყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების როლის ზრდას, შეინარჩუნოს ორ ქვეყანას შორის არსებული ვაჭრობის სტაბილური ზრდის ტენდენცია, ხელი შეუწყოს ვაჭრობის სტრუქტურის შემდგომ ოპტიმიზაციას, გააგრძელოს ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება.
– ჩინური მხარე მზადაა „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის” პრინციპის დაცვით, ქართულ მხარესთან ერთად განაგრძოს “სარტყელისა და გზის” თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს ჩინურ კომპანიებს, აქტიურად ჩაერთონ საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიის მშენებლობის საქმეში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ „პოსტეპიდემიის პერიოდში” ქართული ეკონომიკის აღდგენისა და საქართველოს, როგორც სტარანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის ფორმირების პროცესში.
– ჩინური მხარე მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ეპიდემიასთან ბრძოლაში, აქტიურად გაუზიაროს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს, გააძლიეროს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივად შექმნას „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოება”.
– ჩინური მხარე მზად არის ჩინეთ-საქართველოს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის უფრო გასაღრმავებლად. ჩინეთი ხელს შეუწყობს განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, მედიის, გამომცემლობის და სხვა სფეროებში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის კავშირების გაღრმავებას და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის, ტურისტული თანამშრომლობის და ხალხთაშორის მიმოსვლისა და კავშირების გაძლიერებას.
2021 წელი ჩინეთისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია. 2021 წელი „მე-14 ხუთწლედის” პირველი და რაც მთავარია, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების მეასე წელია. ჩინეთის საელჩო საქართველოში მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. სხვადასხვა ფორმით ვაჩვენებთ ჩინეთის განვითარების უჩვეულო გზას და ქართულ საზოგადოებას უკეთ გავაცნობთ ჩინეთსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მივესალმებით ღონისძიებებში საზოგადოების ფართო ჩართულობას. ჩვენ ასევე გაგვიხარდება, თუ ეპიდემიის დასრულების შემდეგ, მეტი ქართველი ჩავა ჩინეთში და ადგილზე გაეცნობა, თუ ყოველდღიურად როგორ სწრაფად იცვლება ჩინეთი, პირადად მოუსმენს ჩინელი ხალხის ბრძოლის ისტორიას და ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის მოწმე, მონაწილე და გულშემატკივარი გახდება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – ლი იენი