USAID-ი „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებას და გაფართოებას გეგმავს
„საპარტნიორო ფონდს“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დელეგაცია ეწვია, საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის ხელმძღვანელობით.
მისიის ხელმძღვანელმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს USAID-ის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში ახლო მომავალში გეგმავს. პიტერ ვიბლერმა „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებისა და სრულიად ახალ, გაფართოებულ დონეზე გადაყვანის შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
ასევე, ფონდში გამართულ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს „საპარტნიორო ფონდსა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის უკვე არსებულ პოზიტიურ გამოცდილებას. მხარეებმა ისაუბრეს ფონდის შვილობილ კომპანია „სტარტაპ საქართველოსა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის წარმატებულ შედეგებზე, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მეწარმეთა მხარდაჭერას გულისხმობს და რომლის ფარგლებში, პირობით საზღვართან უკვე რამდენიმე ინოვაციური საწარმო შეიქმნა.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ USAID-ის დელეგაციას ფონდის საქმიანობის დეტალები და სხვადასხვა სექტორში განხორციელებული მასშტაბური პროექტები გააცნო. ასევე, მან ფონდის რეფორმირების მიმდინარე პროცესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მისნიტრის დავალებით შექმნილი ჯგუფი აწარმოებს. დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხდა USAID-ის მისიას და ზოგადად, აშშ-ს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა მზადყოფნა სააგენტოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშორმლობის გასაღრმავებლად.
მხარეებმა სამომავლო თანამშომლობის გაფართოებისთვის კონკრეტულ სექტორებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.