ოთარ იოსელიანის ფილმები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული
ცნობილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს საკუთარი ფილმების ელექტრონული ვერსიები გადასცა.
1950იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი (DCP ფორმატი) ამიერიდან საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია საფრანგეთში განხორციელდა.
ფილმებს შორისაა: „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „ძველი ქართული სიმღერა“, „თუჯი“, „მთვარის ფავორიტები“, „შემოდგომის ბაღები“, „პეპლებზე ნადირობა“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში დაცულია 36 ათასზე მეტი კინოფირი, ასევე ფილმების ციფრული ვერსიები. მათ შორის უძველესია 1909 წელს თბილისში გადაღებული კინოსიუჟეტი და 1912 წლით დათარიღებული პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური კინონაწარმოები „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ეროვნულ არქივში სისტემატურად მიმდინარეობს ფილმების გაციფრება 4k გარჩევადობის კინოსკანერზე და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ციფრული რესტავრაცია.