Frontex-მა საქართველოსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა


დღეს Frontex-მა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა.

განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასა და ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.
 
“2008 წელს – ათწლეულზე მეტი ხნის წინ – ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontex-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებს, რომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”, – განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ.

განახლებულ სამუშაო შეთანხმებაში გათვალისწინებულია Frontex-ის უფრო ფართო მანდატი, რაც  საზღვრის მართვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე უკეთ რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

Frontex-ის მიერ ორგანიზებულ  ტრენინგებსა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში ასობით ქართველმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.  ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება უკავშირდებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით (IBM). ქართველმა ექსპერტებმა დამკვირვებლის სტატუსით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს  Frontex-ის საქმიანობაში ჩართვის გზითაც.

“მოხარული ვარ, რომ განახლებული სამუშაო შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, იქნება მტკიცე იურიდიული საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგებიც სცილდება ამ ორ სააგენტოს შორის არსებულ ურთიერთობებს და წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

ვირტუალურ ცერემონიალზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ვირტუალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ DG HOME–ის გენერალური დირექტორი მონიკ პარია, DG NEAR–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაჩეი პოპოვსკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *