საქართველოს პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ იხსნება

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს პარლამენტის სასახლეში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ საზეიმოდ გახსნიან.ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი და კრების თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული როგორც 1919-21 წლებში, ასევე საქართველოს გასაბჭოების შემდგომ ემიგრაციაში ყოფნისას.
მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“
დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს (ასლები), რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა.
თვალსაჩინოებისთვის თითოეულ ოთახში დამონტაჟებულ მონიტორებზე წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის შესაბამისი 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმები. სამუზეუმო სივრცეში განთავსებულია როგორც საბჭოთა საქართველოს რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია, ასევე 1990 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დამადასტურებელი სხვადასხვა მასალები. მუზეუმში წარმოდგენილია ასევე საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანაშრომლობის
ამსახველი ფოტოკოლაჟი.
მუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და განკუთვნილია მნხაველთა ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის, სკოლის მოსაწავლეებისა და უმაღლესი საგანანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის. მუზეუმს გააჩნია სივრცე, სადაც მნახველები ქართული პარლამენტარიზმის შესახებ ნახევარსაათიან დოკუმენტურ ფილმს იხილავენ.მუზეუმის გახსნაზე მოწვეულები არიან საქართველოს პარლამენტის სპიკერატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციების თავმჯდომარეები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი,თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *