ვინ აძლიერებს ოკუპანტებს აფხაზეთში?თამბაქოთი უკანონო ვაჭრობა სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
2021 წლის მარტში, 1361 სავაჭრო წერტილში (სტაციონარული მაღაზიები, ბაზრობები და ხელზე მოვაჭრეები) ჩატარებული მონიტორინგით სიგარეტით უკანონო ვაჭრობის საგანგაშო მდგომარეობა გამოვლინდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ეკონომიკური ჰაბ ცენტრის კვლევების თანახმად, წინა წლებში, სამეგრელოს რეგიონის გარდა, საქართველოში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. სამეგრელოში, 2017 წელს აფხაზურ აქციზიანი სიგარეტების მოცულობა 6%-მდე დაფიქსირდა, 2018 წელს კი 14%-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები არ გაზრდილა.
ამჯერად, არამხოლოდ სამეგრელოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომია რუსული წარმოების აფხაზურ აქციზიანი, ასევე რუსული, ბელორუსული ან სხვა ქვეყნების აქციზიანი და უაქციზო სიგარეტი.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე კონტრაბანდულად (სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული სატვირთო მანქანებით, ადმინისტრაციული საზღვრის ზოლში ახლომდებარე სახლებზე თოკების საშუალებით, სამგზავრო ავტობუსებით და ა.შ.) შემოტანილ სიგარეტს ნებისმიერ ქალაქში ნახავთ. ყველაზე ხელმისაწვდომია ორი ბრენდი: მანჩესტერი (წითელი, შავი, ლურჯი და თეთრი) და MAC (ორივე აფხაზური აქციზით). ზუგდიდში ამ ორი ბრენდის გარდა NZ (ბელორუსული აქციზით) შეძენაც შესაძლებელია. ხაშურში მონიტორმა „ომეგას“ დასახელების სიგარეტიც (ყოველგვარი აქციზის გარეშე) შეიძინა.
ბათუმში, აღნიშნული ბრენდების გარდა შესაძლებელი იყო მარლბოროს (აფხაზური აქციზით და/ან უაქციზო), 2005 (უაქციზო), American Legend (უაქციზო), Pall Mall (უაქციზო), PS (უაქციზო), Dubao (უაქციზო), Credo (აფხაზური აქციზით) შეძენა.
არალეგალური სიგარეტი (ძირითადად მანჩესტერი და MAC) ხელმისაწვდომი იყო ქალაქების მიმდებარე სოფლებშიც.
კონტრაბანდული სიგარეტი ძირითადად ხელზე მოვაჭრეებთან იყიდება. ზოგ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ბაზრობების ტერიტორიებზეც.
არსებული მდგომარეობის მიხედვით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სიგარეტის არალეგალურ იმპორტსა და დისტრიბუციას სერიოზული მფარველები ჰყავს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში. სხვაგარად წარმოუდგენელია ასე ორგანიზებული და გამართული ქსელის მუშაობა. ეჭვებს ამძაფრებს პერიოდულად, კონტრაბანდის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ხელისუფლების, ან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მხილებაც. ცოტა ხნის წინ, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს სწორედ სიგარეტის კონტრაბანდის გამო წაუყენეს ბრალი.
რახან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ადმინისტრაციული საზღვარი გვყოფს, საბაჟო სამსახური ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეთანხმებული და რადიკალური მოქმედება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, 2017 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმთან მიერთებას სთავაზობს. შედეგად, ამ სფეროში რისკების დაზღვევის და უკანონო ვაჭრობის შესამცირებლად, საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ საკანონმდებლო, ტექნიკურ და პროფესიულ მხარდაჭერას მივიღებთ. აღნიშნულ ოქმზე მიერთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თამბაქოს ინდუსტრია და მათი მხარდამჭერები მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. თამბაქოს ინდუსტრიას აწყობს კონტრაბანდის არსებობა (თუნდაც მინიმალურ დონეზე, როგორც დღესაა, გამოვლენილი უკანონო ვაჭრობის მოცულობა სავარაუდოდ, სიგარეტის წლიური მოხმარების 1%-ს არ აღემატება), რომ მთავრობა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, აჩვენონ, თითქოს კონტრაბანდა, ან უკანონო ვაჭრობა გადასახადების გაზრდის გამო გაიზარდა, რაც არასწორია. შესაბამისად, ინდუსტრია ცდილობს გადასახადები თამბაქოს მკვლელ ნაწარმზე გაზრდის ნაცვლად, ძველ ნიშნულზე დააბრუნებინოს და ამ სფეროში გადაწყვეტილებები მათ კონტროლს დაექვემდებაროს, რათა როგორმე შეაჩერონ თამბაქოს მოხმარების შემცირების ტენდენცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის გაძლიერებამ გამოიწვია.
15-20 წლის წინ, საქართველოში, თამბაქოზე ყველაზე მინიმალური გადასახადის მიუხედავად, კონტრაბანდა 75%-ზე იყო, სწორედ კორუფციისა და სუსტი ადმინისტრირების გამო. სამწუხაროდ, კორუფცია ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, რომელსაც ქვეყნის ეროვნული ინტერესი ეწირება. ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდულად შემოტანილი და რეალიზებული ტვირთი არამხოლოდ ქართველი ჩინოსნების ჯიბეს ავსებს, აფხაზეთში ოკუპანტებსაც ფინანსურად აძლიერებს, რაც სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე დარტყმაა.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოვითხოვთ:
1. გამოვლინდეს და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერი თანამდებობის პირი, ვინც პირდაპირ ჩართულია, ან მფარველობს სიგარეტის კონტრაბანდას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან;
2. ფინანსთან სამინისტრომ და სხვა პასუხისმგებელმა უწყებებმა დაიწყონ ფართომასშტაბიანი რეაგირება უკანონო ვაჭრობის თითოეულ ფაქტზე;
3. საქართველოს ძალოვანმა სტურქტურებმა შეიმუშაონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული საქონლის კონტროლის სტრატეგია და მაქსიმალურად გააკონტროლონ აფხაზეთის რეგიონთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მთელი მონაკვეთი შესაბამისი ვიდეო და სატელიტური მეთვალყურეობის სისტემებით;
4. საქართველო დაუყონებლივ მიუერთდეს ჯანმოს, თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმს, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას ჩაერთოს თამბაქოს უკანონო ბრუნვის კონტროლის საერთაშორისო სისტემაში;
5. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დანაკარგის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია თამბაქოზე გადასახადების თანმიმდევრული ზრდა;
6. თამბაქოს ინდუსტრიას, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე, მოეთხოვოს უკანონო ქმედებებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის კომპენსაცია, რომელიც მიემართება შესაბამის სახელმწიფო ფონდში და მოხმარდება, როგორც თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობა-პრევენციას, ასევე თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრას და თამბაქოს მოწევის შეწყვეტის სერვისების განვითარებას.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი