კომენდანტის საათი დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 21:00 საათისა
„უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში – მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა. კომენდანტის საათი დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 21:00 საათისა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.
ნათია თურნავას განმარტებით, ასევე იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე, 21 საათიდან აკრძალული იყო.
„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, 1-ლი ივნისიდან შემსუბუქება, რა თქმა უნდა, იმ პირობით მოხდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.