საქართველოს სასახელო მამულიშვილები-100 წელი ზურაბ წილოსანის დაბადებიდან
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ინჟინერ-მშენებელი და პედაგოგი ზურაბ წილოსანი დაიბადა 1921 წლის 18 ივნისს.
1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მიღვაწეობა დაკავშირებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტთან და ტექნიკური უნივერსიტეტის (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) სამშენებლო წარმოების და საშენი მასალების კათედრასთან (1972-1990 წ).
ზურაბ წილოსანი იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, საქართველოს ტერმინოლოგიის რედკოლეგიის წევრი, სამეცნიერო ჟურნალის „მეცნიერება და ტექნიკა“ – რედაქტორი (1954-1990 წ), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ყველას ახსოვს ბ-ნი ზურაბი, როგორც მაღალი რანგის მეცნიერი და პედაგოგი.
ბეტონი და რკინაბეტონი ძირითადი და ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი მასალაა მშენებლობაში, ამიტომ აუცილებელია ამ რთული კომპოზიციური მასალის ფუნდამუნტური კვლევა. მეცნიერების აქტუალურ ამოცანაა ისეთი კომპოზიციური მასალების შექმნა, რომელთაც შეუძლია დიდი წინააღმდეგობა გაუწიონრღვევას და გამოავლინონ საჭირო მექანიკური და დეფორმაციული თვისებები – დრეკადობა, პლასტიკურობა, სიბლანტე. სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტას ისახავდა მიზნად მეცნიერების ახალი დარგი – ფიზიკურ-ქიმიური მექანიკა და ამ დარგის პიონერია საქართველოში პროფესორი ზ.წილოსანი.
ამიერკავკასიაში დაარსებულ სამეცნიურო სკოლას სათავეში ჩაუდგა სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი კირიაკ ზავრიევი, რომელიც სამეცნიერო კვლევებში ახალი მიღწევების გამოყენებას არ ერიდებოდა. 1955 წელს ინსტიტუტში გაიხსნა ბეტონის ფიზიკურ-ქიმიურიმექანიკის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ზ.წილოსანი. ამ ლაბორატორიაში იკვლევდნენ ბეტონის თვისებებს (მედეგობას, სიმტრიცეს, დეფორმადობას) ფიზიკურ-ქიმიური მექანიკის საფუძვლების გამოყენებით.
გამოჩენილი მეცნიერი რებინდერი წერდა: „შეიძლება თამამად ითქვას, რომ ექსპლუატაციის განსხვავებულ პირობებში ბეტონის სტრუქტურის შეფასების პრობლემები, ფიზიკურ-ქიმიური მექანიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პირველად ზ.წილოსანის გამოკვლევებშია განხილული“ (1963 წ).
ზ.წილოსანმა შეიმუშავა ბეტონის ორიგინალური მრუდი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მკვლევარმა ა.ნევილმა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომში „წილოსანის ჰიპოთეზა“ უწოდა და ეს მრუდი ამ სახელითაა ცნობილი ლიტერატურაში.
ყოველივე ზემოთქმული აღწერილია ზ.წილოსანის მონოგრაფიაში „ბეტონის შეკლება და ცოცვადობა“ (1963, 1979 წწ). აღნიშნული მონოგრაფია სამაგიო წიგნად იქცა მკვლევარებისათვის.
ზ.წილოსანის გამოკვლევები ყოველთვის პიონერულ ხასიათს ატარებდა და იწვევდა დიდ გამოხმაურებას სპეციალისტთა ფართო წრეში. 1973 წელს მისი და კიბერნეტიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელის და პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორის შ.ყაყიჩაშვილის მონაწილეობით სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა საშენი მასალების ოპტიკური მეთოდებით კვლევის ლაბორატორია, რომელიც დაკომპლექტდა ახალგაზრდა მეცნიერებით, ინჟინერ-მშენებლებითა და ფიზიკოსებით. ლაბორატორიაში მიმდინარეობდა კვლევები ლაზერული ტექნიკის, კერძოდ ჰოლოგრაფიული მეთოდების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, 2020 წელს მისიმოწაფეების მიერ შეიქმნა ანალოგიური ლაბორატორია და მიმდინარეობს ინტენსიური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.
მნიშვნელოვანია ზ.წილოსანის და მისი მოწაფეების კვლევები „დატკეპნილი ბეტონის თვისებების შესწავლა მათი ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში გამოყენების მიზნით“ (1990 წ). იმ პერიოდისათვის მსოფლიოში ამ მასალით და ამ ტექნოლოგიით აშენებული იყო 4 კაშხალი, ხოლო 2020 წლისათვის აშენებულია 620 კაშხალი. ეს მიმართულება დღესდღეობით საქართველოშიც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებდ ითვლება კაშხალმშენებლობაში.
1988 წელს ზ.წილოსანს და მის კოლეგებს მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია სამუშაოსათვის „გოგირდით გაჟღენთილი მერქნის ნაწარმის შექმნა და საქართველოს აგროსამრეწველო კომლექსში დანერგვა“.
დიდი დამსახურება მიუძღვის პროფესორ ზ.წილოსანს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობისას. იგი ათეული წლების განმავლობაში სამშენებლო ფაკულტეტის საშენი მასალების და ნაკეთობების კათედრის პროფესორი იყო. მისი ხელმძღვანელობითმომზადებულია და დაცულია მრავალი სადისერტაციო ნაშრომი. მისი აღზრდილები სამეცნიერო წრეში მოიხსენიებიან როგორც „პროფესორ წილოსანის სკოლა“.
პროფესორი წილოსანი გარდაიცვალა 1990 წელს. დასაფლავებულია ქალაქ თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
პროფესორი გიორგი დალაქიშვილი
პროფესორი ამირან საყვარელიძე