საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული და პრუდენციული პოლიტიკა დადებითად შეაფასა
ეკონომიკა პანდემიის მიერ მოყენებული უარყოფითი შედეგების დაძლევის ეტაპზეა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დონორებისგან მიღებულმა მხარდაჭერამაც შეიტანა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის პრეს-ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა მიიღეს. ბრიფინგზე სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა ფონდის შეთანხმების “მეოთხე მუხლის კონსულტაციების” ფარგლებში ჩატარებული დასკვნა წარადგინა და საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა შეაფასა. სსფ-ს მისიის შეფასებით ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი საქართველოს COVID-19-ის შოკზე რეაგირებაში დაეხმარა და კვლავაც მართებული და სიტუაციის შესაბამისი მექანიზმებია. ამასთან, ეროვნული ბანკის გონივრულმა საზედამხედველო მიდგომამ COVID-19-მდე და შემდგომმა გადამწყვეტმა ნაბიჯებმა ფინანსური სექტორის მდგრადობას შეუწყო ხელი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე, რომელმაც განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულება აზარალა და რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. მისი თქმით, მიუხედავად ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულებისა ბოლოდროინდელი მონაცემებით პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა.
“ეკონომიკა პანდემიის მიერ მოყენებული უარყოფითი შედეგების დაძლევის ეტაპზეა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დონორებისგან მიღებულმა მხარდაჭერამაც შეიტანა. პირველ კვარტალში შემცირების შემდეგ, აპრილიდან, წინასწარი მაჩვენებლები, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. დღევანდელი პროგნოზით მოსალოდნელია, რომ წელს 2019 წლის დონესაც გადავაჭარბებთ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში პოსტ-პანდემიური აღდგენის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “პოსტ-პანდემიური აღდგენის პირობებში მნიშვნელოვანი იქნება სწორი და შორსმჭვრეტელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც მოიაზრებს ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოსა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის თანმიმდევრულ განხორციელებას, რომელიც, პანდემიის პირობებში, ეკონომიკას დაეხმარა შოკის პირობებში კორექტირება მოეხდინა და მორგებოდა არსებულ კრიზისულ ვითარებას. ამასთან, არსებული გარემოებების გათვალისწინებთ, გავაგრძელებთ სავალუტო ინტერვენციების გამოყენებას სავალუტო ბაზრის გაუმართავი მუშაობის დროს მისი უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი, მომავალშიც გააგრძელებს გონივრული საზედამხედველო მიდგომებით ხელმძღვანელობას, რამაც ამ უპრეცედენტო შოკის პირობებშიც კი ფინანსური სისტემის მდგრადობა უზრუნველყო.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქმედებები ყოველთვის ვითარების შესაბამისი იყო. კრიზისულ პერიოდში, ეკონომიკური აქტივობის ხელშესაწყობად, ფინანსურმა სექტორმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და შორსმჭვრეტელური ზედამხედველობის გარეშე, სისტემა პანდემიიდან მომდინარე შოკს ვერ გაუმკლავდებოდა. აღსანიშნავია, რომ საბანკო სისტემა კვლავ უზრუნველყოფილია საჭირო კაპიტალითა და ლიკვიდობით, რაც ახლახან დასრულებული ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის მიერ ჩატარებულმა სტრესს ტესტებმა დაადასტურა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის ხელმძღვანელი მუსტაფა საიდიც მონაწილეობდა.