სსფ-ს მისიის დასკვნითი განაცხადი “მეოთხე მუხლის კონსულტაციების” ფარგლებში ჩატარებული მიმოხილვის საფუძველზე

მისიის დასკვნითი განაცხადი გაცნობთ სსფ-ს გუნდის (იგივე “მისიის”) პირველად მიგნებებს, რაც წევრ ქვეყანაში ვიზიტის დასასრულს საჯაროვდება, შემთხვევათა უმრავლესობაში. მისია იმართება რეგულარული (ყოველწლიური) კონსულტაციების ფარგლებში, როგორც ეს განსაზღვრულია სსფ-ს წესდების მეოთხე მუხლში, რაც საჭიროა სსფ-ს რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად (სსფ-დან სესხის ასაღებად); სსფ-ს გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში ან სსფ-ს გუნდის მიერ ეკონომიკაზე დაკვირვების მიზნით.
ქვეყნის ხელისუფლება ეთანხმება ამ განაცხადის გამოქვეყნებას. ამ განაცხადში წარმოდგენილი მოსაზრებები მხოლოდ სსფ-ს მისიას ეკუთვნის და შეიძლება არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ხედვას. მისიის პირველადი მიგნებების საფუძველზე მომზადდება ანგარიში, რომელიც მენეჯმენტის თანხმობის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წარედგინება განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი – 19 ივლისი, 2021: COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა დახმარების ღონისძიებებით მოხერხდა კრიზისის გავლენის შემსუბუქება მოწყვლადი ოჯახებსა და ბიზნესებისთვის. ბოლო პერიოდში ეკონომიკის შთამბეჭდავ გამოცოცხლებას ვხედავთ. თუმცა, ნარჩუნდება მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები, მეტწილად, COVID-19-ის პოტენციური უარყოფითი სცენარის განვითარების გამო. პანდემიის მართვის მთავარ ამოცანასთან ერთად, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და, ასევე, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მიღწევა. ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში, ფისკალური პოლიტიკის აქცენტი მიმართული უნდა იყოს კრისიზის დროს შემოღებული დახმარების ღონისძიებების შემცირებაზე და ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის დონის მიახლოებაზე ფისკალური წესით განსაზღვრულ პარამეტრებთან. დროთა განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა მოიძიოს ფისკალური რესურსი და გააძლიეროს ფისკალური ჩარჩო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე, რომ დროებითი ფაქტორებით გამოწვეული მაღალი ინფლაცია არ გადაიზარდოს გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინებში და, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ, კრიზისის შემდეგ, ფინანსური სექტორი კვლავ მდგრადია, სიფრთხილის შენარჩუნება აუცილებელია, მათ შორის, საკმარისი გაუნაწილებელი მოგების შენარჩუნებით, სანამ ეკონომიკის აღდგენის პროცესის შეუქცევადობაში არ დავრწმუნდებით. სტრუქტურული რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ეკონომიკის მიმდინარე ვითარება და პერსპექტივა

  1. COVID-19 მა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. შიდა მობილობის შეზღუდვამ, რაც პანდემიის კონტროლის აუცილებლობით იყო გამოწვეული და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია ეკონომიკის გამოშვების შემცირება ისეთი სწრაფი ტემპით, როგორიც 1990 წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა 2020 წელს და 4.5 პროცენტით შემცირდა 2021 წლის პირველ კვარტალში. სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა, რამაც ბოლო წლებში ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი გააქარწყლა. ხელისუფლებამ სათანადო რეაგირება მოახდინა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებით და დაუცველი ოჯახებისა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევით, რასაც ასევე ხელი შეუწყო დონორების მხადაჭერამ. მიუხედავად კვლავაც მაღალი მაჩვენებლისა, COVID-19 შემთხვევების რიცხვი პიკზე დაბალია და შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.
  2. ბოლოხანს ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ყოველთვიური შეფასებებითი მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2021 წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, იმასთან შედარებით, რასაც რამდენიმე თვის წინ ველოდით და გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამოშვება 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს. ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, რომელიც 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ივნისში წლიური ინფლაცია 9.9 პროცენტამდე დაჩქარდა, რაც, მეტწილად, კომუნალური მომსახურების ფასების მატებას, სასაქონლო ჯგუფებზე გაზრდილ ფასებსა და მაღალ შუალედურ ხარჯებს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის განმავლობაში, დროებითი ფაქტორების მილევის ფონზე, სწრაფად შემცირდება.
  3. ნარჩუნდება მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები, რაც ეკონომიკის პერსპექტივას ჩვეულზე მეტად გაურკვეველს ხდის. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა ვაქცინების მარაგების უზრუნველსაყოფად. მაგრამ უფრო მეტია მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით. ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა აჩქარდეს, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი. COVID-19 ახალმა შტამმა ან ვაქცინაციის შეფერხებამ შეიძლება კვლავ შეაფერხოს ეკონომიკის აღმავლობა, თუ ახალი შეზღუდვების შემოღება გახდა საჭირო და ასევე შეამციროს საგარეო მოთხოვნა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პანდემიის მართვის მნიშვნელობას აუცილებლობას. შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ შეიძლება გაზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ხელი შეუშალოს ინვესტიციებს და რწმენას ეკონომიკის მიმართ. ამ რისკებს შეუძლიათ დაამძიმონ ეკონომიკაში არსებული პრობლემები, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების რაოდენობა.

ფისკალური პოლიტიკა

  1. ეკონომიკის აღმავლობის პროცესის პარალელურად, ფისკალური პოლიტიკის ყურადღება უნდა გადატანილ იქნეს კრიზისული დახმარების ღონისძიებების მილევაზე და დეფიციტისა და ვალის შემცირებაზე. პანდემიამ ბუნებრივად გამოიწვია ფისკალური დეფიციტისა და ვალის მკვეთრი ზრდა, რადგან მთავრობა დაეხმარა ბიზნესებსა და ოჯახებს, მაშინ როცა მისი შემოსავლები შემცირდა. საქართველოს ფისკალური წესი არის სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის არსებითი ორიენტირი და პოლიტიკის საიმედოობის საფუძველი. მისასალმებელია ხელისუფლების განზრახვა იმოქმედოს ფისკალური წესის შესაბამისად. ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფმა აღდგენამ მნიშვნელოვნად გაზარდა 2021 წელს მისაღები შემოსავლების მოლოდინი. ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტში წარმოდგენილია ახალი შემოსავლების წყაროები, რომელიც მიემართება და დააფინანსებს ჯანდაცვის დამატებით ხარჯებს, ასევე კაპიტალურ და სხვა ხარჯებს. დაგეგმილზე მეტი შემოსავლების გარკვეული ნაწილის შენახვით შესაძლებელი გახდება ფისკალური კონსოლიდაციისკენ მიმართული ნაბიჯების აჩქარება, რაც აუცილებელია 2023 წლისთვის ფისკალური წესის მოთხოვნების დასაცავად. დაზოგილი თანხა შექმნის ბუფერს, რაც რისკის რეალიზების შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, დაგემილზე გადაჭარბებით მიღებული შემოსავლები უნდა იქნეს დაზოგილი და შენახული. სამომავლოდ, COVID-19 ის გამო გაწეული დახმარების პროგრამების გაუქმება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, მაგრამ ამას გარდა, კიდევ იქნება საჭირო სხვა მაკორექტირებელი ნაბიჯები. ბიუჯეტის დეფიციტის სწრაფი შემცირება 2022 წელს შეამცირებს ახალი შემოსავლების მობილიზაციის ან დაზოგვის სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროებას შემდგომი ორი წლის განმავლობაში.
  2. მზარდი ზეწოლა ხარჯვით ნაწილზე და ფისკალური რისკები მოითხოვს მეტ ფისკალურ სივრცეს და ფისკალური ჩარჩოს გამკაცრებას. ამბიციური კაპიტალური ხარჯების გეგმები მიმართულია ინფრასტრუქტურის განახლებასა და განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. მიმდინარე ხარჯების ზრდის საჭიროება მომდინარეობს განათლების, საპენსიო, ჯანდაცვის სფეროებიდან, ასევე, ხარჯებზე ზეწოლას დამატებით ზრდის ფისკალური რისკები, რომელიც მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან (SOEs) და ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის (PPA) ხელშეკრულებებიდან, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ დამატებითი კორექტირებების საჭიროებები საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკის გამოწვევების საპასუხოდ, რაც აღწერილია ზემოთ. სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს გაძლიერება გაზრდის კაპიტალური ხარჯების ეფექტურობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაქსიმიზაციას. ენერგეტიკის სფეროდან მომდინარე შესაძლო ფისკალური რისკების შესამცირებლად, წინასწარ ცალსახად უნდა განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთა შემთხვევაშიც დასაშვები იქნება პრემიარული ტარიფიდან გადახვევა. შესაძლებელია დამატებითი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება საგადასახადო დანახარჯების (საგადასახადო შეღავათების) სიღრმისეული შესწავლით და საგადასახადო ადმინისტრირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებით. ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს ფისკალური რისკების ანალიზს, აღნიშნულზე დაყრდნობით უნდა გაგრძელდეს ძალისხმევის მიმართვა ფისკალური რისკების მართვასა და თავიდან აცილებაზე. ამ მიზნების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოთა მართვის ყოვლისმომცველი რეფორმა.
  3. მზარდი მოთხოვნა ხარჯებზე და ფისკალური რისკები მოითხოვს მეტ ფისკალურ რესურსს და ფისკალური ჩარჩოს გამკაცრებას. ამბიციური კაპიტალური ხარჯების გეგმებში შედის ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება. მიმდინარე ხარჯების ზრდის საჭირობა მომდინარეობს განათლების, საპენსიო, ჯანდაცვის სფეროებიდან ასევე ფისკალური რისკებიდან რომელსაც სახელმწიფო საწარმოების (SOEs) საქმიანობა წარმოშობს, ასევე ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან. ისინი იწვევენ დაზოგვის აუცილებლობას, რომელზეც ზევით მოგახსენეთ და საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური პოლიტიკის მიმართ არსებულ გამოწვევვებს ამძიმებენ. სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს გაძლიერება კაპიტალური ხარჯების ეფექტურობას გაზრდის და ეკონომიკური ზრდის შედეგების მაქსიმიზაციას მოახდენს. ენერგეტიკის სფეროდან მომდინარე შესაძლო ფისკალური რისკების შესამცირებლად, წინასწარ ცალსახად უნდა განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთა შემთხვევაშიც ადგილი ექნება პრემიარული ტარიფიდან ნებისმიერ გადახვევას. დამატებითი საგადასახდო შემოსავლების წყაროები შეიძლება იქნეს მოძებული გადასახადების ხარჯის (საგადასახადო შეღავათების) შესწავლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის შემდგომი გაძლიერებით. ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ფისკალური რისკების ანალიზი და დაკვირვება, რომელსაც რამოდენიმე წელია ახდენს ამ რისკების დადგენის და შერბილების მიზნით. ამავე მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების მართვის ღრმა რეფორმა.

მონეტარული პოლიტიკა

  1. მონეტარულმა პოლიტიკამ გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინები დროებით მაღალი ინფლაციისგან უნდა დაიცვას. მისია მიესალმება სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის სათანადოდ გამკაცრებას ამა წლის მარტსა და აპრილში, რაც მიზნად ისახავდა, რომ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების ზრდითა და მიწოდების შეზღუდვებით გამოწვეული დროებითი ეფექტები იყოს გარდამავალი და ინფლაციის მოლოდინები 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან შენარჩუნდეს. ახლა, როდესაც ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს, ინფლაციაზე მოქმედი რისკები აღმავალი მიმართულებითაა. ამდენად, სებ-ი მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, თუ ინფლაციის მოლოდინები ან საბაზო ინფლაცია მიუთითებს, რომ მაღალი ინფლაციის რისკები გახანგრძლივდა. მთლიანობაში, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი საქართველოს COVID-19-ის შოკზე რეაგირებაში დაეხმარა და კვლავაც მართებული და სიტუაციის შესაბამისი მექანიზმებია. რისკების გათვალისწინებით, მათ შორის ფინანსური დოლარიზაციის გამო, სებ-მა სავალუტო ინტერვენციების გონივრული გამოყენება უნდა განაგრძოს, რათა ბაზრის გაუმართავი მუშაობა არ დაუშვას. ბოლო დროს ბანკების უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დიფერენცირებული სარეზერვო მოთხოვნების შემოღება შესაძლოა, დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირების ხელშემწყობი ნაბიჯი იყოს.

ფინანსური სექტორის პოლიტიკა

  1. სებ-ის გონივრულმა საზედამხედველო მიდგომამ COVID-19- მდე და შემდგომმა გადამწყვეტმა ნაბიჯებმა ფინანსური სექტორის მდგრადობას შეუწყო ხელი. ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოიცავს: ბანკების მიმართ პრუდენციული მოთხოვნების განახლებას ბაზელ III-ის ჩარჩოს შესაბამისად; პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების შემოღებას; და გაცვლით კურსთან დაკავშირებული ფინანსური სტაბილურობის რისკების საპასუხოდ მიღებულ ყოვლისმომცველ ზომებს, რომლებმაც დროთა განმავლობაში ბანკებში დოლარიზაციის შემცირებას შეუწყო ხელი. შინამეურნეობებისა და ბიზნესისთვის ფისკალური დახმარების ღონისძიებებმა ხელი შეუწყო პანდემიის გავლენის შემსუბუქებას ფინანსურ სექტორზე. ეროვნულმა ბანკმა გააფართოვა ლიკვიდობის მიწოდება, პოტენციური ზარალის დასაფარად ბანკებს ადრეულ ეტაპზე მოთხოვა სესხების შესაძლო დანაკარგების მნიშვნელოვანი რეზერვების შექმნა და დროებით შეამსუბუქა კაპიტალის მოთხოვნები.
  2. საბანკო სისტემა კვლავ უზრუნველყოფილია ადეკვატური კაპიტალითა და ლიკვიდობით. ახლახანს დასრულებული ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (Financial Sector Assessment Program, FSAP) მისიის მიერ ჩატარებულმა სტრეს ტესტებმა დაადასტურა, რომ კონსერვატიული საბაზისო სცენარის მიხედვით, ბანკებს პანდემიით გამოწვეული საკრედიტო ზარალების გასანეიტრალებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში საკმარისი კაპიტალი აქვთ. ხოლო გახანგრძლივებული პანდემიის და არასასურველი საგარეო ფინანსური გარემოს შემთხვევაში, კაპიტალის დანაკლისი მატერიალური არ არის და სისტემის გადმოსახედიდან შეფასებულია, როგორც მართვადი. FSAP-მა ასევე დაადგინა, რომ ბანკები საკმარისად ლიკვიდურები არიან, მათ შორის დეპოზიტების დიდი რაოდენობით გადინების სტრესულ სცენარშიც.
  3. ფინანსური სექტორის პოლიტიკის მიზანი ახლა, გაჯანსაღების ნიშნების ფონზე, საბანკო სექტორში ადეკვატური ბუფერებისა და რეზერვების შენარჩუნებაა. ეკონომიკის პერსპექტივის შესახებ ჩვეულებრივზე მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, სანამ ეკონომიკაზე მოქმედი მნიშვნელოვანი უარყოფითი რისკები არ შემცირდება, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს საკმარისი გაუნაწილებელი მოგების შენარჩუნებისკენ უნდა მოუწოდოს. მნიშვნელოვანი რჩება უმოქმედო სესხების რეზოლუციის ეფექტური გზების მოძიება, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში არსებული 8.5%-იანი პიკიდან მათი კლება შეინიშნება და შესაძლო დანაკარგების მნიშვნელოვანი რეზერვიც შექმნილია. FSAP-მა შემოგვთავაზა ფინანსური სექტორის პოლიტიკის საშუალოვადიანი პრიორიტეტები, მათ შორის, ბანკებისათვის ბაზელის მსხვილი რისკების რეგულაციის დანერგვა, როგორც ეს გეგმით გათვალისწინებულია; საზედამხედველო პროცესების ფორმალიზება და დახვეწა; ბანკებისათვის ადრეული მაკორექტირებელი ზომების ჩარჩოს შემუშავება და ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს დროებითი ბანკის დაფუძნება.

სტრუქტურული რეფორმები

  1. სტრუქტურული რეფორმების განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად. პანდემიის მართვის სადავეებში მოქცევა მნიშვნელოვანი სტრუქტურულ რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა. ცოტა ხნის წინ მიღებული გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობა და გადახდისუუნარობის მიმართულების სპეციალისტების გადამზადება ხელს შეუწყობს რესურსების გადანაწილებას პოსტ-კრიზისულ პერიოდში. უმუშევრობის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული უთანასწორობა საქართველოსთვის გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც COVID-19-ის გავლენით უფრო გამძაფრდა. უნდა განახლდეს ძალისხმევა განათლების და პროფესიული სწავლების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის უნარ-ჩვევებისა და ბაზრის მოთხოვნების დაახლოებას. ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სოციალური დაცვის სისტემის მიმოხილვა, შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკასთან ერთად უმუშევრობის დამკვიდრებული პრობლემის აღმოფხვრას უნდა დაეხმაროს. და ბოლოს, სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის გარემოს განსამტკიცებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *