ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა გაზრდილი წარმოებით განაგრძობს მუშაობა
“ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანის მე-4 საამქროში, 26-ე ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის, რაც მეტ ექსპორტს და სავალუტო შემოდინებებს ნიშნავს.
ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება. სატესტო მუშაობის შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ე ღუმელი, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.ღუმელის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ — „ჯორჯიან მანგანეზის„ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ არ გამოიფრქვევა.„ჯორჯიან მანგანეზი“, უმსხვილესი ქართული სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა. სავაჭრო პარტნიორობა კი მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 21 ქვეყანას აერთიანებს 2018-2020 წლებში.
ტოპ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ამავდროულად, კომპანია საქართველოში, რეგიონულ დონეზე უმსხვილესი დამსაქმებელია და 5000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.„ჯორჯიან მანგანეზი“ რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელ მინერალს ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მოიპოვებს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს – ფეროშენადნობებს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში, ასევე შედის განახლებადი ჰიდროელექტრო სადგური ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.სპილენძის მადნებისა და კონცენტრანტების, ასევე მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, ფეროშენადნობები ქართული ბაზრის მესამე უმსხვილეს საექსპორტო საქონელს წარმოადგენს 9,4%-ით.