ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან მარიამ ქვრივიშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
22 ივლისს, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან მარიამ ქვრივიშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობების განხილვას. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვალმა მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს ხელმძღვანელობს, გაერთიანების მიზნები და სამომავლო გეგმები წარუდგინა, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისკენ და ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის ათვისებისკენ მიმართულ აქტივობებს უკავშირდება.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურიზმის სტრატეგიის განახლება და ახალ სტრატეგიაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად კვლავ რჩება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და მათთან კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, იგეგმება დარგობრივ გაერთიანებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამუშაო პროცესებში მათი აქტიური ჩართვა. შეხვედრაზე გამოიკვეთა სისტემური ურთიერთთანამშრომლობის გზები, რაზედაც მხარეები სამუშაო რეჟიმში შეთანხმდებიან. მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკომონიკურ გაერთიანებას საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა.