თბილისში გაიმართა სინათლის და კეთილდღეობის მესამე ფესტივალი
თბილისში გაიმართა სინათლის და კეთილდღეობის მესამე ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი მომავლისთვის კულტურული მრავალფეროვნების“ ორგანიზებით გაიმართა სინათლის და კეთილდღეობის მესამე ფესტივალი „დივალი“. ღონისძიება ჩატარდა თბილისში სასწავლო უნივერსიტეტი „მილენიუმის“ მხარდაჭერით.
დღესასწაულის აღსანიშნავად გაიმართა კონცერტი ინდოელი სტუდენტების მონაწილეობით, ნაციონალური სიმღერების და ცეკვების წარმოდგენით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ინდური კულტურული ცენტრის საცეკვავო ჯგუფმა, და მას ესტუმრა საქართველოში და სომხეთში ინდოეთის ელჩი კაშან დენ დიუალი. ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ საპატიო სიგელები.
ღონისძიების პარტნიორები გახდნენ რესტორანი „ჯიმი ჯიმი“, შპს „განეშა იმპექსი“ – ინდური სუპერმარკეტი შერ ე პენჯაბი, წნორის ინვესტორების ინდური ასოციაცია. დივალი, ან დიპავალი არის სინათლის ფესტივალი, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება ხუთი დღე და მას აღნიშნავენ შუა ოქტომბრიდან – შუა ნოემბრამდე. ინდუიზმის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის, დივალის, სიმბოლოა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის სიბოროტეზე და ცოდნის უცოდინარებაზე სულიერი გამარჯვება. ფესტივალი დიდწილად დაკავშირებულია აყვავების ქალღმერთ ლაკშმისთან, მაგრამ რეგიონალური ტრადიციები აკავშირებენ მას რამასთან, ვიშნუსთან, კრიშნასთან, დურგასთან ან კალისთან.