„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ტრასპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართა
რა გეგმები აქვს ყაზახურ–ქართულ ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტს
სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში “ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კომიტეტის საქმიანობა წარადგინეს და საქართველო–ყაზახეთს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჭრილში აქტუალური თემები განიხილეს.ღონისძიებას ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბაურჟან მუხამეჯანოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე, „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა გაერთიანების საქმიანობის შესახებ, ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლებზე ისაუბრა.
ჯახუტაშვილის თქმით, ყაზახეთს საქართველოზე 10–ჯერ დიდი ეკონომიკა აქვს, შესაბამისად ქართველებს ძალიან გვჭირდება ყაზახეთი, იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გააქტიურდეს და ჩაერთოს მსოფლიო ეკონომიკაში.
„ამ ორ ქვეყანას შორის ერთმანეთზე გავლენა ძალიან პატარაა, თუ არ ჩავთვლით ყაზახეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კოლოსალიურ ინვესტიციებს, რომლის შედეგადაც შუა აზიიდან წამოსული ინვესტიციების 98% მოდის ყაზახეთზე. კვლევაში დეტალურადაა წარმოდგენილი ყაზახეთი–საქართველოს შორის ვაჭრობის მონაცემები, ასევე შესაძლებლობები. მაგალითად, ყაზახეთი რეგიონალურ დონეზე ხორბლის ერთ–ერთი მსხვილი მიმწოდებელია, ხოლო საქართველო იმპორტიორი, თუმცა ყაზახეთიდან ჩვენს ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის. ამ ორ საკითხს თუ ვაჭრობის ჭრილში წარმოვიდგენთ, არის გამოსავალი, რომელიც უნდა ვაქციოთ ინიციატივებად და წარვუდგინოთ მთავრობას. იგივე სიტუაციიაა სამანქანო, საკონტეინერო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვებში.
„ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტი“ დაკომპლექტებული იქნება წევრი კომპანიების წარმომადგენლებით და იმუშავებს ყველა მხარესთან, ეს იქნება კერძო, საჯარო სექტორი თუ სფეროს მსხვილი მოთამაშეები. გვინდა, ეს კომიტეტი იყოს რგოლი, რომელიც მაქსიმალურად გაამახვილებს ყურადღებას საჭირო საკითხებზე და გადაჭრის არსებულ პრობლემებს”, – ამბობს ჯახუტაშვილი.
როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა, საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალი საკმაოდ დიდია.
„ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ–ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაფუძნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს სატრანსპორტო საკითხებზე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ვაჭრობის განვითარებას. სასიხარულოა, როდესაც ყაზახური მხარე სწორად ხედავს პრობლემებს სატრანსპორტო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც პლატპორმის ეფექტურობისა და წარმატების წინაპირობაა. ასევე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საქართველო–ყაზახეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ამ ეტაპზე 3 ყაზახური ავიაკომპანია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობაც,“ – განაცხადა გურამიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მისი თქმით, საქართველო და ყაზახეთი არიან TRACECA-ს საერთაშორისო დერეფნის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი), CAREC-ის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების აქტიური წევრები.
„კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო შეექმნა ყველა პირობა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელებისათვის, რაც თავისთავად აისახა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდაზე. კერძოდ, საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ით, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები 13.7%-ით გაიზარდა.“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ღონისძიებაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან სულაბერიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებმა იმუშაონ მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე.
„ბევრს ვსაუბრობთ ყაზახეთთან ვაჭრობაზე და იმაზეც, რომ ყაზახურმა ტვირთმა საქართველოზე უნდა გაიაროს, მაგრამ ზოგჯერ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ გვაქვს ის შეთავაზებები, რომლითაც ყაზახურ სატრანსპორტო/სავაჭრო ბაზარს დავაინტერესებთ. ჩვენ უნდა გავხდეთ ერთგვარი ახალი სავაჭრო პლატფორმა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მეშვეობით. უკვე ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით, დავინახეთ ტექნიკური გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება გააიაფოს და განავითაროს ლოგისტიკა“, – აღნიშნა სულაბერიძემ.
საქართველოს „ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ეკონომიკური კავშირის დამყარება კარგია, მაგრამ ეს ვერ მოხდება ვაჭრობის გარეშე და ვერ იქნება ვაჭრობა ტრანსპორტის გარეშე.
„რეალობა არის ის, რომ ჩვენი დერეფანი დღეს არის როგორც ალტერნატივა. იმისათვის, რომ გავხდეთ აზიის ცენტრალური დერეფანი, საჭიროა ფასი, დრო და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, ამისათვის დაწყებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ასევე სარკინიგზო კავშირების განვითარება და ა.შ, “ – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
“ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაზე, საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, გოგა დობორჯგინიძემ ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გავლენაზე და ევროპულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ლოგისტიკური ცენტრები უნიკალური საშუალებაა არამარტო იმპორტული და ექსპორტული ნაკადების დასაბალანსებლად, არამედ იქ მყოფ ოპერატორებისთვის დამატებითი ღირებულების სერვისების გასავითარებლად. ევროპულ მაგალითებს თუ გადავხედავთ, ლოგსტიკური ცენტრების ქსელი ქმნის ძალიან სერიოზულ კონკურენტუნარიანობის ფაქტორს და ხელს უწყობს ტვირთების მოზიდვას დერეფანში,” – განაცხადა გოგა დობორჯგინიძემ.
ინფორმაციისთვის, „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გამგეობის გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ.
ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.