შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საპრეზიდენტო კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შოთა ხაბარელი და ჯგუფის წევრები კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საპრეზიდენტო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე იმსჯელეს.

განსახილველ თემებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნაზე, ორმხრივ ავია მიმოსვლასა და ტურიზმის საკითხებზე გამახვილდა.

სტუმრებმა ქართველ კანონმდებლებს ნენსკრას პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. აღინიშნა, რომ ნენსკრას პროექტი, რომელიც მილიარდიან პროექტს წარმოადგენს, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და კორეის მხარე მზად არის სამუშაოები პროექტში შეტანილი ცვლილებებით განახორციელოს.

შოთა ხაბარელი დელეგაციის წევრებს დაპირდა, რომ შესაბამისი წინადადებებით მეგობრობის ჯგუფი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს.

კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საპრეზიდენტო კომიტეტში წევრთა სტატუსით კორეის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა, საგარეო საქმეთა, გაერთიანების, ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრები და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი შედიან.

საპრეზიდენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მეგობრობის ჯგუფის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, მარიამ ლაშხი, გელა სამხარაული და ფრიდონ ინჯია დაესწრნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *