ასი წლის მანძილზე განვითარებული ნიჭით ახალ გზას ვადგავართ – იდეალური მსოფლიოს შექმნის განზრახვას გულში ვატარებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – ლი იენი
2021 წლის 8-11 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის ცენტრალური კომიტეტის მე-6 პლენარული სხდომა ჩატარდა. ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა და „ასწლეულის ორი მიზნის“ განხორციელების საკვანძო მომენტი დადგა. ეს პლენუმი ჩინელი ერის აღორძინების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
პლენუმის მიერ მიღებული „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება პარტიის საუკუნოვანი ბრძოლის ძირითადი მიღწევებისა და ისტორიული გამოცდილების შესახებ“ – ამ სხდომის მთავარი შედეგია. ძველი ჩინური გამოთქმის მიხედვით, „ისტორია გვასწავლის აღმავლობასა და დაცემას“. ისტორიის შესწავლა და დასკვნების გაკეთება, ისტორიული გამოცდილების გაზიარება და გამოყენება, ისტორიიდან სიბრძნისა და სიძლიერის მიღება – ეს ის მნიშვნელოვანი მიზეზებია, რის გამოც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის გაძლიერების გზაზე უწყვეტი გამარჯვება და წარმატება მოიპოვა. დადგენილებაში ნათლად ჩანს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ისტორიის განვითარების კანონზომიერებას კარგად იცნობს და ისტორიით ნაკარნახევი პოლიტიკური თვითშეგნება აქვს. იგი აჩვენებს, რომ ახალ ისტორიულ მოგზაურობაში ჩინეთის კომუნისტური პარტია თავდაპირველ მისიას და უკეთესი მომავლის შექმნის ადრინდელ პასუხისმგებლობას არ ივიწყებს, რასაც ღრმა ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
წარსულის ცოდნა, მომავლის გზას ანათებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა აღნიშნა: „რეალობის უკეთ დასანახად და მომავლის განსაჭვრეტად, წარსული უნდა დავიხმაროთ. ჩინეთის კომუნისტური პარტიის საუკუნოვანი ბრძოლიდან უნდა დავინახოთ წარსულში რატომ მივაღწიეთ წარმატებას, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ მომავალში როგორ გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა“. ჩინეთის კომუნისტური პარტია აცნობიერებს, რომ ჩინეთის პოლიტიკურმა ცივილიზაციამ და პოლიტიკურმა სისტემამ ჩინეთის სოციალურ ნიადაგზე უნდა გაიდგას ფესვები და სხვა ქვეყნების პოლიტიკური სისტემების გადმოღება არ ივარგებს. ამავდროულად, ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზას და რეალური ქმედებებით გააგრძელებს მსოფლიო ცივილიზაციის მრავალფეროვნების დაცვას, ხელს შეუწყობს განვითარების სხვადასხვა მოდელებს შორის კავშირსა და გამოცდილების გაცვლას. ფაქტები მოწმობს და მომავალშიც ასე იქნება, რომ ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა სხვებს თავზე მოახვიოს თავისი სოციალური სისტემა და ე.წ. „დემოკრატიული მოდელი“, ყოველთვის კრახით მთავრდება.
ხალხი უპირველეს ყოვლისა, დიადი საქმის გაგრძელება. ჩინეთის კომუნისტური პარტია არსებობს ხალხიდან, ხალხის მეშვეობით და ხალხისთვის. საუკუნოვან ბრძოლაში, იქნებოდა ეს „დოვლათიანი საზოგადოების შექმნის გზაზე არც ერთი კაცი უკან“ თუ „ხალხის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერ ფასად“, ჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა. სწორედ ამიტომ, ჩინეთის კომუნისტური პარტია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყანას, ყველა ერს, ყველა ხალხს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები უნდა ჰქონდეს. ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩინეთს ისტორიისა და ეპოქის სიმაღლეზე დადგომისკენ უბიძგებს, ჩინეთისა და მსოფლიოს საერთო ინტერესებიდან და მთელი კაცობრიობის საერთო კეთილდღეობიდან გამომდინარე, “საერთო მომავლის მქონე საზოგადოების” შექმნას საკუთარ მოვალეობად აღიქვამს, აქტიურად უწყობს ხელს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, დაუღალავად ისწრაფვის მთელი კაცობრიობის საერთო ღირებულებებისკენ, მაღალი ხარისხით ახორციელებს “სარტყლისა და გზის” ინიციატივას და გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმას უდგას სათავეში.
თანამშრომლობა და ბედისწერის გაზიარება. ჩინეთის კომუნისტური პარტია მთელ სამყაროზე ფიქრს გულში ატარებს. მიმდინარე საუკუნოვანი ბრძოლის მანძილზე, კაცობრიობის ბედის საკითხს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს და მსოფლიოს პროგრესულ ძალებთან ერთად წინ მიიწევს. „რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?“ – ამ ეპოქალურ შეკითხვებზე პასუხად, პრეზიდენტი სი ძინფინგი „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნის უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა. ჩინეთი მხარს უჭერს სხვა ქვეყნებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოების, საერთო კეთილდღეობის, ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი მსოფლიოს შენებას. ჩინეთი განუხრელად უწყობს ხელს „სარტყლისა და გზის“ მაღალი ხარისხით განვითარებას, რათა მაღალმა სტანდარტებმა სარგებელი მოუტანოს ხალხს და მდგრადი თანამშრომლობის პროექტებმა მეტი შედეგი გამოიღოს. ამასთან, ღია დამოკიდებულებას ინარჩუნებს თანამშრომლობის სხვა ინიციატივების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ ერთობლივ განვითარებას.
მომავალ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდება. ბოლო 30 წელში, საქართველო ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ზრდისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხის მიერ რეფორმებისა და გახსნილობის და „ასწლეულის ორი მიზნის“ განხორციელების მომსწრეა. საქართველო, ჩინეთის მიერ წამოყენებული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის მხარდამჭერი და მონაწილეა, იგი ერთი-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას და ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორისა და პირველი საექსპორტო ბაზრის პოზიციას. ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური თანამშრომლობის ხელშესაწყობად, ეპიდემიისგან თავის დაღწევაში საქართველოს დასახმარებლად, ჩინური მხარის მიერ ინიცირებული „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ კონცეფციისა და პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ჩინური ვაქცინების გლობალურ საზოგადოებრივ პროდუქტად“ გარდაქმნის თაობაზე გაცემული დაპირების თანახმად, ჩინეთი საქართველოს ვაქცინების 2.8 მილიონი დოზით დაეხმარა, რომელთაგან ნაწილი საჩუქრად გადასცა, ხოლო ნაწილის კომერციულად შესყიდვაში დაეხმარა. ორი ქვეყნის მეგობრობა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო გამოიბრძმედა.
განვლილ გზას თვალს თუ გადავავლებთ, ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ახალი ისტორიის საწყის წერტილზე ვდგავართ და წინ წასასვლელი გზა აქამდე არნახული ფათერაკებითა და გამოწვევებითაც რომ იყოს სავსე, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინელი ხალხი ასწლიანი ისტორიიდან უზარმაზარ ძალას შეიძენს, შეუპოვრად წინ წავა, ახალ ეპოქაში და ახალ მოგზაურობაში უფრო დიდ გამარჯვებასა და დიდებას მოიპოვებს და კაცობრიობაც ერთმანეთთან მხარში დგომით უკეთეს მომავალს შეეგებება!