ევროკავშირი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და KFW, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას აერთიანებენ
ევროკავშირმა, KFW-მ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად მორიგი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაიწყეს.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (GESRP), რომლის ბიუჯეტი 8,44 მილიონი ევროა, მიზნად ისახავს, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, საზოგადოებრივი, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. ასევე, პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და წაახალისოს განახლებადი ენერგიის შემდგომი განვითარება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელის სიგრიდ ბრეტელის განცხადებით, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.
„ენერგოეფექტურობა უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი პრინციპია. ჩვენ, KfW-სთან და AFD- სთან ვაერთიანებთ ძალისხმევას საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP) განსახორციელებლად. ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის წესებისა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველო შეძლებს, შეასრულოს ენერგოეფექტურობის ეროვნული ჩარჩო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მას წარმატებით განახორციელებს. ენერგოეფექტურობას მრავალი სარგებელი აქვს: გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური. ის ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ასევე, მდგრად განვითარებას“- განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შემუშავდება ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ბაზით გათვალისწინებული მეორადი კანონმდებლობა, დამუშავდება და ქართულ გარემოსთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები. რეფორმის ფარგლებში, ენერგო-აუდიტის მექანიზმის დასანერგად, შეიქმნება ენერგო აუდიტორების სერტიფიცირებისა და შემოწმების/ინსპექტირების სისტემა, დაინერგება ენერგოეფექტური შესყიდვების სისტემა, ჩატარდება საჯარო შენობების ინვენტარიზაცია, შემუშავდება გრძელვადიანი რენოვაციის სტრატეგია და სხვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, პროექტი საქართველოს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.
„პროექტი დაგვეხმარება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ენერგეტიკის სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. კერძოდ, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკანონმდებლო ბაზის დანერგვას და აღსრულებაში, რაც ხელს შეუწყობს მთავარი მიზნის მიღწევას – იმპორტდამოკიდებულების შემცირებას – ენერგორესურსების რაციონალური მოხმარებით. შედეგად ენერგიის მომხმარებელ სექტორებში დაინერგება საუკეთესო სტანდარტები, რაც განაპირობებს გაუმჯობესებულ კლიმატურ პირობებს, როგორ გარემოში, ასევე ადამიანებისთვის განკუთვნილ საჯარო და საყოფაცხოვრებო სივრცეებში“ – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
პროექტი 4-წლიანია და მისი წარმატებით განხორციელების შედეგად, საქართველო შეძლებს, მოიზიდოს დამატებითი კერძო ინვესტიციები და გაზარდოს ეკონომიკის სექტორების ენერგოეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა. პროექტი დაეხმარება განახლებადი ენერგიის განვითარებას და სათბური აირების გაფრქვევების შემცირებას, კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ენერგეტიკის სექტორის რეფორმების მიმართულებით.